თარი, უძველესი 5–6 სიმიანი და მრავალფარდიანი სიმებიანი საკრავი. გავრცელებულია სამხრ. კავკასიაში (აზერბაიჯანი, დაღესტანი, სომხეთი). XVI–XVII სს-იდან თავს იჩენს აღმ. საქართველოშიც. იგი ძირითადად ქალაქის (თბილისი, თელავი) არაქართველ მოსახლეობასა და ქართვ. დიდგვაროვანთა ოჯახებში იმკვიდრებს ადგილს. ქართვ. მეთარე-მომღერალთაგან ცნობილია ასლან ხურდაყულიშვილი (XIX ს.). თ. სოლო, საანსამბლო და საორკესტრო საკრავია – ლამაზი, ძლიერი ბგერითა და ვირტუოზული ტექ. შესაძლებლობებით. განსაკუთრებულია მისი როლი ქართვ. პროფესიონალ-მუსიკოსების – საზანდრების ანსამბლში (იხ. საზანდარი), რ-თა რეპერტუარის ყველაზე მნიშვნელოვან ჟანრს მუღამები წარმოადგენს. საზანდრების რეპერტუარშია აგრეთვე სხვადასხვა ჟანრის ვოკალურ-საკრავიერი ქმნილებები, განსაკუთრებით – სატრფიალო და საცეკვაო სიმღერები. თ. ვირტუოზული საკრავია. მასზე რთულ ნაწარმოებებსაც ასრულებენ. გამოყენებულია პროფ. მუს. შემოქმედებაშიც (უ. ჰაჯიბეკოვის „ქორ-ოღლი”). ქართ. ლიტ-რაში არსებობს ცნობები, რომ თარის შესანიშნავი შემსრულებლები ყოფილან ბესიკი, საიათნოვა, ა. ჭავჭავაძე.
კ. ჭოხონელიძე