თბილისობა

თბილისობა

თბილისობა, თანამედროვე ქალაქური დღესასწაული. ტარდება 1979-იდან ოქტომბრის ბოლო კვირას. დღესასწაული თავისი ხასიათით, შინაგანი სოც. ბუნებით და დანიშნულებით ხალხთა მეგობრობის, ძმობისა და ერთობის მასობრივი თეატრალიზებული სანახაობაა. გამოყენებულია ბერიკაობის, ყეენობის, თელეთობის, მაისობისა და სხვა ქართ. დღესასწაულების ტრადიციები, რ-თა მეოხებითაც ცოცხლდება XIX ს. ქალაქური ცხოვრების სურათები. დღესასწაულზე დიდი ადგილი უჭირავს ხალხ. ხელოსნური ნაწარმის (კერამიკა, ჭედურობა, ხის და სპილენძის ნაკეთობა, ნართისა და შინნაქსოვი ქსოვილის, ხალიჩის, ფარდაგის, გობელენის) გამოფენა-გაყიდვას. დღესასწაულის ოფიც. ნაწილი ეთმობა სამოქალაქო რიტუალებს: ძეობას, ქორწინების რეგისტრაციას, ხელოსნის მიერ შეგირდის ოსტატად ხელდასხმას და სხვ. ირჩევენ ქალაქის საპატიო მოქალაქეებს. მათ ოფიციალურად გადასცემენ ჯილდოს – ქალაქის სიმბოლურ გასაღებს.

თ. დედაქალაქში მცხოვრები ყველა ეროვნების მოქალაქის დღესასწაულია. ძვ. ქალაქის რეკონსტრუირებულ უბანში, რიყეზე, იმართება დიდი საზეიმო კონცერტი, სკვერებსა და ქუჩებში – სახალხო სეირნობა, ღია ცის ქვეშ მუზეუმში – ფოლკლორისტთა და ხალხ. შემოქმედთა საღამო. 1991–96 ქალაქში შექმნილი ექსტრემალური ვითარების გამო დღესასწაული არ გამართულა. 1997-იდან თ. ­კვლავ აღდგა.