თბილისში აღმოჩენილი ქართული მონეტები

თბილისში აღმოჩენილი ქართული მონეტები სპილენძი რუსუდანი 1227 ზემოთ– შუბლი, ქვემოთ –ზურგი

თბილისში აღმოჩენილი ქართული მონეტები, სხვა­და­სხვა დროს და სხვა­და­სხვა ადგილას აღმოჩენილი მონეტები ერთეულებისა და სამონეტო განძების სახით. აღსანიშნავია რამდენიმე განძი: 1. 1935 კრწანისში აღმოაჩინეს 1227 წ. მოჭრილი რუსუდანის სპილენძის მონეტების განძი (1310 ც.). 2. 1940 რიყეზე აღმოჩნდა გიორგი III-ის, თამარის, აგრეთვე ჯალალედინის სა­ხე­ლით მოჭრილი მონეტები (239 ც.). ჯალალედინის მონეტები გადაჭედილია ქართ. ფულებიდან ჰიჯრით 623 (1226). 3. 1936 ავლაბარში შემთხვევით იპოვეს სპილენძის მონეტების განძი (120 ც.). მონეტების უმრავლესობა მოჭრილია 1227 რუსუდანის მიერ, მცირე რაოდენობით არის თამარისა და დავით სოსლანის, გიორგი IV-ის, ლაშასა და აღმ. მმართველთა სა­ხე­ლით მოჭრილი ფულები. 4. 1955 დიღომში აღმოჩნდა სპილენძის მონეტების განძი (474 ც.), მათი უმრავლესობა მოჭრილია თამარის დროს, დანარჩენი – გიორგი III-ის, გიორგი IV-ისა და აღმ. მმართველების სა­ხელით. 5. 1917 მაჰმადიანების სასაფლაოზე გამოვლინდა სპილენძის ქართ. მონეტების განძი. მონეტები მოჭრილია გიორგი III-ის, თამარისა და ლაშა გიორგის სა­ხე­ლით. 6. 1907 მეტეხის შესახვევში აღმოჩნდა სპილენძის ქართ. მონეტების 2 განძი, რ-თა შემადგენლობაში შედიოდა გიორგი III-ის, თამარისა და გიორგი IV ლაშას მონეტები. 7. 1948–49, „განჯისკარის" არქეოლ. გათხრების დროს, აღმოჩნდა სპილენძის 133ც. მონეტა, მ. შ. იყო XII–XIII სს. ქართ. ფული. 8. მდ. ­მტკვრის კალა­პოტში სხვა­და­სხვა დროს შემთხვევით აღმოჩენილია სხვა­და­სხვა პერიოდის ქართ. მონეტები, მ. შ. ჭარბობს XII–XIII სს. მონეტები.

ლიტ.: Д ж а л а г а н и я  И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979; П а х о м о в  Е. А., Монетные клады Азербайджана и Закавказья, в. 1, Баку, 1926.

გ. დუნდუა