თედიაშვილი ალექსანდრე ვლადიმერის ძე (4. VIII. 1913, თბილისი, – 8. VI. 2014, იქვე), მსახიობი, საქართვ. სახ. არტისტი (1980). 1936–41 იყო ცხინვალის სახელმწ. თეატრის ქართ. დასის, ხოლო 1941–46 შორეული აღმოსავლეთის ფრონტის პირველი წითელდროშოვანი ანსამბლის მსახიობი, 1947–52 მოღვაწეობდა ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახ. სახელმწ. თეატრში, 1952 – თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში. ძირითადად ასრულებდა სახასიათო-კომედიურ როლებს. მისი საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია იმპროვიზაციულობა, მგზნებარე ტემპერამენტი, მოქნილობა და თავისუფლება. როლები: ქუჩარა (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი”), ავეტიკა (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”), ელესია, შმაგა (ა. ოსტროვსკის „უეცარი სიმდიდრე”, „უდანაშაულო დამნაშავენი”), მირზა (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები”), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის „ნაცარქექია”) და სხვ. თ-ის შესრულება გამოირჩეოდა სასცენო მეტყველების ოსტატობით, მეტყველი მიმიკით. 1957-იდან მუშაობდა ცირკში – იყო საცირკო ხელოვნების პირველი ქართვ. კომიკოსი (ჯამბაზი), 1963–68 – ქართ. ცირკის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი ავტორობით და რეჟისორობით 1965 დაიდგა საბავშვო საცირკო წარმოდგენა „ლურჯი მთების ლეგენდა” და მრავალი კლოუნადა. 1976–2004 იყო საცირკო-საესტრადო სასწავლებლის პედაგოგი. ავტორია წიგნისა „ცირკი – საოცრებათა ხელოვნება” (2004). დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით” (2000).