თევზაძე ალექსანდრე ალექსის ძე (2.I. 1903, თბილისი, – 28. III. 1967, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1964). დაამთავრა საქართვ. საინჟ.-სამშ. ინ-ტი (1930). 1924-იდან (ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან) მუშაობდა სხვადასხვა სამშ. და საპროექტო ორგანიზაციებში. იყო საპროექტო ინ-ტის „თბილქალაქპროექტის” მმართველი (1941–54), თბილ. მთ. არქიტექტორი (1954–59), საქართვ. არქიტექტორთა კავშირის თავჯდომარე (1959–60), საპროექტო ინ-ტის „საქგიპროტორგის” არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელი (1960–67). ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები თბილისში (1950, ჭოველიძისა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთა, არქიტ. ქ. დგებუაძესთან ერთად; 1950, მელიქიშვილის ქუჩა, 8, არქიტ. ი. კასრაძესთან ერთად; 1953, თამარ მეფის გამზირი, 23/25, არქიტ. ი. კასრაძესთან ერთად), დასასვენებელი სახლის რეკონსტრუქცია წყნეთში (XX ს. 50-იანი წლების დასაწყისი).
თ. გერსამია