დავითსაგარეჯო

დავითსაგარეჯო, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდ. მაშავრის მარჯვ. ნაპირას, მთის ფერდობზე, სოფ. კიანეთიდან სამხრ.-აღმ-ით დაახლ. 3 კმ-ზე.

როგორც ჩანს, აქ იყო მონასტერი, რ-ისგანაც, ორი ეკლესიის გარდა, კიდევ რამდენიმე ქვის შენობის ნაშთია დარჩენილი. მთავარი ტაძარი (XIII–XIV სს.) საშ. ზომის ერთნავიანი შენობაა. მისგან მხოლოდ აღმ. და ჩრდ. კედლებია დაცული. კედლები შემოსილი იყო სუფთად გათლილი მომწვანო ქვით.

ტაძარი გადახურული იყო ლორფინებით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. ტაძარს ამკობდა ბარელიეფები და ჩუქურთმები. აღმ. კედელზე გამოსახულია ჯვრები, არწივები; კალატოზები თავიანთი იარაღებით. უხვად ყოფილა მოჩუქურთმებული შესასვლელიც. მეორე, მცირე ეკლესია, რ-იც მთავარი ტაძრის სამხრ.-დასით დგას, მხოლოდ გარედანაა შემოსილი იმავე ქანის თლილი ქვით; იგი უფრო გვიან უნდა იყოს აშენებული, მის კედლებში ძვ. ტაძრის ქვებია ჩატანებული.

ლიტ.: მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბ., 1941.