აბაშიძე გიორგი-მალაქია პაატას ძე

აბაშიძე გიორგი-მალაქია პაატას ძე, იგივე გიორგი V(გ. 15. X. 1722), დას. საქართველოს გავლენიანი თავადი XVII–XVIII სს. მიჯნაზე. პირველად იხსენიება 1658–76 „საფიცრის წიგნში“. აქტიური პოლიტ. მოღვაწეობის დაწყებამდე, მრავალ დანაშაულობათა გამო, მალაქიას სახელით ბერად იყო აღკვეცილი. დაახლ. 1684 საერო ცხოვრებას დაუბრუნდა. ამ დროიდან იწყება მისი აღზევება. თავისი მიზნის მისაღწევად ყოველგვარ საშუალებას მიმართავდა, თვითონ რამდენჯერმე იყო დაქორწინებული. პოლიტ. ინტერესების მიხედვით შვილებიც (მარიამის გარდა, რ-იც ვახუშტი ბატონიშვილის მეუღლე იყო) ასევე რამდენჯერმე იყვნენ დაქორწინებულ-განქორწინებულნი იმერეთის ძლიერ ფეოდალებთან, დას. საქართვ. მთავრებთან და სამეფო ოჯახის წევრებთან. ა-მ ისარგებლა შინაფეოდალური ომების შედეგად სამეფო ხელისუფლების დასუსტებით და თავისი საგვარეულო სამფლობელოების გაფართოებას შეუდგა: ხელთ იგდო თავად ჩხეიძეთა ციხე-ქალაქი შორაპანი, მიითვისა მეფის სახასო მამულები ზემო იმერეთში, აგიაშვილებს წაართვა ციხისთავობა და ცუცხვათის ციხე. 1701–07 იმერეთის უგვირგვინო მეფე იყო. მისი მმართველობის დროს სამეფოში ერთგვარი წესრიგი დამყარდა და ოსმალეთსაც შეუწყვიტა ხარკის მიცემა. ა. კულტ.-სამშენებლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი განკარგულებითა და „საფასით“ გადაიწერა მრავალი ხელნაწერი, შეიმკო და მოიჭედა არაერთი ხატი და ჯვარი. 1700 მისივე „წარსაგებლით“ აშენდა თუ განახლდა პატრიარქ აბრაჰამის მონასტერი იერუსალიმში. წერდა ლექსებსაც. ა-ის ასეთი გაძლიერება არ მოსწონდათ იმერეთის თავადებს, მიემხრნენ ოსმალთა მიერ მეფედ დასმულ გიორგი VI-ს, საერთო ძალით შეუტიეს ა-ს და წაართვეს საგვარეულო ციხესიმაგრეები. ა-ს იმერეთში აღარ ედგომებოდა. 1711 იგი ქართლის ჯანიშინს ვახტანგ VI-ს შეეკედლა და სიცოცხლის ბოლო წლები თბილისში გაატარა. დაკრძალულია კაცხში, მამა-პაპათა საგვარეულო მონასტერში.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., ვახუშტის ბიოგრაფიისათვის, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; ს ო ს ე ლ ი ა  ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები). [ტ.] 1, თბ., 1973.

ო. სოსელია