აბაშიძე გიორგი გრიგოლის ძე

აბაშიძე გიორგი გრიგოლის ძე [13 (26). II. 1909, სოფ. ზედა რგანი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, – 7. X. 1995, თბილისი], ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1956). პროფესორი (1958), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1931 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. მუშაობდა აკად. გ. მუხაძესთან (1931–35; 1938-41). 1938–39 მონაწილეობდა ხალხინ-გოლის ბრძოლებში, 1942–45 – II მსოფლიო ომში. 1947–51 იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს რესპ. ცენტრ. კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. 1958–70 განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის ფთიზიოქირურგ. კათედრას, ხოლო 1970–84 – მის მიერვე შექმნილ, პირველ პულმონოლოგიის კათედრას. 1984-იდან იყო ამავე კათედრის პროფესორი. ა. იკვლევდა უმთავრესად ფილტვის ქირურგ. საკითხებს. დაამუშავა ფილტვის ზოგიერთი ოპერაციის ახ. ანატ. საფუძვლები, აღწერა ფილტვის რეზექციის ორიგინ. მეთოდი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები.

თხზ.: ექსტრაპლევრული პნევმოთორაქსი და ოლეოთორაქსი გაფართოებული პნევმოლიზით ფილტვის ტუბერკულოზის დროს, თბ., 1956; ფილტვის რეზექცია ტუბერკულოზის დროს, თბ., 1969 (თანააავტ. გ. მელაძე); Расширенный экстраплевральный пневмоторакс, Тб., 1960.