აბაშიძე ვახტანგ იოსების ძე (1897–1937), რეჟისორი. 1926 დაამთავრა ვ. მჭედლიშვილის ქართ. დრამ. სტუდია მოსკოვში. 1927–28 რეჟისორად მუშაობდა თბილ. მუშათა თეატრში. მონაწილეობდა ორი სახელმწ. თეატრის (ქუთ. – 1928; 1933-იდან – თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი) შექმნაში. 1928–30 – იყო ამ თეატრის რეჟისორი, კ. მარჯანიშვილის მოწაფე და მიმდევარი, მისი სპექტაკლების (ბ. შოუს „წმინდა ქალწული“,, პ. ბ. შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“, კ. კალაძის „ხატიჯე“ და სხვ.) თანარეჟისორი. 1931–32 ა. ქუთ. თეატრის რეჟისორი იყო. 1932–34 ხელმძღვანელობდა თელავის თეატრს. 1934–5 მუშაობდა ქუთ. თეატრის მთავარ რეჟისორად, 1935–37 – ზემეტჩინოს საკოლმ. თეატრის (მოსკ. მცირე თეატრის ფილიალი) რეჟისორად. სხვადასხვა თეატრში მისი მნიშვნელოვანი დადგმებია: ვ. კირშონის „ლიანდაგი გუგუნებს“, „სასამართლო“, ვ. შკვარკინის „სხვისი ბავშვი“, „ჭორი“, ი. ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, ა. კორნეიჩუკის „ესკადრის დაღუპვა“, გ. კობეცის „გუტა“, ი. მიკიტენკოს „ჩვენი ქვეყნის ქალიშვილები“ და სხვ. ა-ის შემოქმედება გამოირჩეოდა ოსტატობით, მაღალი პროფ. კულტურითა და მკვეთრი რეჟისორული გადაწყვეტით. 30-იანი წლების საბჭოთა ტერორის მსხვერპლი.
შ. ცუცქირიძე