აბაშიძე იოანე (ივანე) ქაიხოსროს ძე

აბაშიძე იოანე (ივანე) ქაიხოსროს ძე (გ. 1822), იმერეთის 1819–20 აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. სოლომონ I-ის ასულის – დარეჯანის ძე. ა-ის მცდელობა დაემსახურებინა რუს. ხელისუფლების ნდობა, მარცხით დამთავრდა. ცარიზმი არ ენდობოდა მეფის შვილიშვილს – იმერეთის ტახტის შესაძლო პრეტენდენტს და ეძებდა შესაფერის მომენტს მისი რუსეთში გადასახლებისათვის. აჯანყების გამარჯვებით დამთავრების შემთხვევაში ფეოდალები ა-ს სამეფო ტახტის კანდიდატად წამოაყენებდნენ. ამასთან, მას ფარული კავშირი ჰქონდა ცარიზმის წარმომადგენლებთანაც და არ ერიდებოდა თავისიანების დასმენას. 1820 თებ-ში მთავრობამ მისი დაპატიმრება და რუსეთში გადასახლება გადაწყვიტა. ა. გურიაში გაიქცა, მაგრამ გაზაფხულზე მეფობის მიღების ან მთავრობასთან შერიგების იმედით ისევ იმერეთში დაბრუნდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გადაიხვეწა. აქედან კვლავ შეეცადა იმერეთში დაბრუნებას და მთავრობასთან შერიგებას. ორპირობისა და უპრინციპობის გამო მომხრეები განუდგნენ და ახალციხეში მოკლეს.

ლიტ.: სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973; М а х а р а д з е  Н. В., Восстание в Имеретии 1819–1820 гг. «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1942, ნაკვ. 3.

ო. სოსელია