აბაშიძე ლევან გიორგი-მალაქიას ძე (გ. 14. XII. 1757), XVIII ს. I ნახ. იმერეთის სამეფოს პოლიტ. მოღვაწე. მისი ასული თამარი იყო ალექსანდრე V-ის მეუღლე და სოლომონ I-ის დედა. ა. მეთაურობდა თავადთა რეაქციულ ჯგუფს, რ-მაც ახალგამეფებული სოლომონ I ტახტიდან გადააყენა. მალე სოლომონმა ტახტი დაიბრუნა და შეთქმულები დასაჯა. ა-ს კაცხის ციხე წაართვა, თუმცა იგი განაგრძობდა ბრძოლას სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. 1757 როსტომ რაჭის ერისთავთან ერთად მეგზურობდა სოლომონ I-ის დასამხობად იმერეთში შემოსულ ოსმალთა ჯარს.
დაიღუპა ხრესილის ბრძოლაში, სადაც სოლომონ I-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. ა-ის წილი მამული მეფემ სახასო საკუთრებად გამოაცხადა.
ლიტ.: ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე შ., სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი (1752–1768 წწ.), «თსუ შრომები», 1950, ტ. 41; ს ო ს ე ლ ი ა ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.
ო. სოსელია