აბაშიძეთა სათავადო, ფეოდალური სათავადო დას. საქართველოში.
აღმოცენდა ბაღვაშთა ყოფილ სამფლობელოზე. ა. ს-ს ჩამოყალიბება უნდა მომხდარიყო აბაშიძეების საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენლის აბაშის მოღვაწეობის დროს, XV–XVI სს. მიჯნაზე. სათავადოს ჩრდ-ით ესაზღვრებოდა რაჭის საერისთავო, სამხრ-ით – მდ. ძირულა, აღმ-ით – ლიხის მთები, დას-ით – არგვეთა-ჩხარი. რეზიდენცია, კარის ეკლესია და საძვალე სასაფლაო ჰქონდათ ჭალას, კაცხსა და უბისაში. ა. ს. განსაკუთრებით გაძლიერდა XVII ს. მიწურულსა და XVIII ს. I ნახევარში. ამ დროისათვის ა. ს-ში შედიოდა 78 სოფელი, 4 ეკლესია-მონასტერი, 1500 კომლი ყმა-გლეხი, ვახანის, ჩხერის, სვერის, ნავარძეთის, კაცხისა და სხვა ციხესიმაგრეები, მცირე ხნით – შორაპნის, ჭალატყისა და ცუცხვათის ციხესიმაგრეებიც. ა. ს. იმდენად ძლიერი იყო, რომ ხშირად ცენტრ. ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა, უკავშირდებოდა მეზობელ სამთავროებს და გამოდიოდა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ სოლომონ I-მა აბაშიძეებს ჩამოართვა სათავადოს მნიშვნელოვანი ნაწილი ციხესიმაგრეებიანად და სახასო საკუთრებად გამოაცხადა. იმერეთის სამეფოში რუსული მმართველობის შემოღების შემდეგ (1810) ა. ს. გაუქმდა.
ლიტ.: სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.
ო. სოსელია