გორდელაძე გიორგი ერასტის ძე (17. II. 1912, თბილისი, – 11. II. 1990, იქვე), გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1965). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1940). მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ს. ქობულაძე, ვ. გრიგოლია . იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1968-იდან, 1988- იდან – პროფესორი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1944-იდან. იყო ნაყოფიერი გრაფიკოს-ილუსტრატორი, გამომც. „სახელგამის" (1933–68) და „ნაკადულის" (1968–70) მთავარი მხატვარი. მაღალმხატვრულად გააფორმა წიგნები: „დედაენა" (1955), გ. ჩუბინაშვილის "„ოქრომჭედლობა" (ალბომი), „ვეფხისტყაოსნის დასურათება" (ორ წიგნად), ა. ანტონოვსკაიას „დიდი მოურავი", დ. გურამიშვილის „დავითიანი", რ. დანიბეგაშვილის „თვრამეტი წელი აზიის ქვეყნებში", მ. ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი", ა. ფურცელაძის „მაცი ხვიტია", ზღაპარი „ნაცარქექია" და სხვ. წარმატებით მუშაობდა დაზგურ გრაფიკასა და ფერწერაში. შექმნა ისტ. პირთა პორტრეტები. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „ჭიდაობა ანანურში" (1957), „ცხრა ძმა ხერხეულიძე" (1964), „დავით აღმაშენებელი" (1980), „მეფე ერეკლე II" (1982), „თამარ მეფე ვარძიაში" (1987) და სხვ. საერთო აღიარება მოიპოვა მხატვრის მიერ შექმნილმა პლაკატებმა: „ტელეხედვა სვანეთში", „ოცნება და სინამდვილე", „ტყე ჩვენი სიმდიდრეა" და სხვ. გ. წლების მანძილზე მუშაობდა ქართ. შრიფტზე. ავტორია ქართ., რუს. და ლათ. შრიფტის ორიგინ. ნიმუშებისა.
გ. მასხარაშვილი