აბრამია პოლიო ერმილეს ძე

აბრამია პოლიო ერმილეს ძე (28. VIII. 1899, სოფ. ხორგა, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი, – 3. II. 1975, თბილისი), პოეტი და პროზაიკოსი.

დაამთავრა ფოთის სამოქალაქო სასწავლებელი (1917), შემდეგ – ქუთ. ვაჟთა გიმნაზია (1920). 1922 შევიდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში („ფუხარა“, „მწვერვალები“, „კანდელი“, „რემედასი“), საქართვ. რადიოკომიტეტში. პირველი ლექსები პ. ოდიშელის ფსევდონიმით 1920 გამოაქვეყნა ჟურნალებში: „თეატრი და ცხოვრება“ და „მუშათა ცხოვრება“. პირველი წიგნი – მოთხრობა „დევნილები“ – 1925. ა-ს ეკუთვნის ლექსთა კრებულები: „თეთრი აფრები“ (1962), „კოლხური კორდები“ (1966), „ლექსები“ (1969, 1980); აგრეთვე საბავშვო წიგნები: „მელია“ (1945), „მელია და ცხვარი“ (1949), „ზამთრის ღამის ზღაპარი“ (1966); ნარკვევები: „თემურ თარბა“ (1949), „ალაზნის პირას“ (1950); ა-მ შეკრიბა, თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა მეგრ. ხალხ. ლექსები. აღსანიშნავია მისი თარგმანები: ა. ფადეევის „ახალგაზრდა გვარდია“, ვ. აჟაევის „მოსკოვიდან დაშორებით“, ბ. პოლევოის „ამბავი ნამდვილი ადამიანისა“, ა. მაკარენკოს „პედაგოგიური პოემა“, ნ. ოსტროვსკის „ქარიშხლით შობილნი“ და სხვ.

რ. კვერენჩხილაძე