აბუ დულაფი მისარ იბნ მუჰალჰილ ალ-ხაზრაჯი ალ-იანბუი, X ს. არაბი პოეტი, მეცნიერი და მოგზაური.
იმოგზაურა ჩინეთში, ინდოეთში, ირანსა და სამხრ. კავკასიაში. X ს. 50-იან წლებში იყო თბილისშიც. ეს მოგზაურობები აღწერილია მის ორ „რისალაში“ (წერილი, დღიური), რ-თაგან პირველი ეძღვნება მოგზაურობას ჩინეთსა და ინდოეთში, მეორე – ირანსა და სამხრ. კავკასიაში. საინტერესოა ა. დ-ის ცნობები ძვირფას წიაღისეულ სიმდიდრეებზე, მინერ. წყაროებსა და სამკურნალო მცენარეებზე. მეორე „რისალა“ ბევრ საინტერესო ცნობას შეიცავს აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს შესახებ. ა. დ-ს ეკუთვნის X ს. თბილისის აღწერილობა: „...ესაა ქალაქი, რომლის იქითაც აღარ ვრცელდება ისლამი. ქალაქში მიედინება მდინარე, რომელსაც ეწოდება ალ-ქურრი (მტკვარი) და რომელიც ერთვის ზღვას. მასზე დოლაბებია საფქვავად. ქალაქს არტყია დიდი გალავანი. იქ არის ძალიან ცხელი აბანოები, რომლებიც არ საჭიროებს არც გაცხელებას და არც წყლის ამოქაჩვას“.
თხზ.: Вторая записка Абу Дулафа, Изд. текста и пер. П. Г. Булгакова и А. Б. Халидова. М., 1960.
ე. სიხარულიძე