„აბუკურა“, ძვ. ქართული მწერლობის ძეგლი.
ამ სახელწოდების ნაწარმოების არსებობა მეცნიერებისათვის ცნობილი გახდა „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებიდან“, სადაც იხსენიება მხოლოდ ძეგლის სათაური „ა.“ XIX ს. 80-იან წლებში გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ სახელწოდებაში „ცხოვრების“ ავტორი შეიძლება გულისხმობდეს რომელიმე აპოკრიფს (ძვ. ქართულში დამოწმებული აბუკოროფა-აპუკოროფას ანალოგიით) ან ხარანის ეპისკოპოსის თეოდორე აბუკურას რომელიმე თხზულებას. 1918 კ. კეკელიძემ გამოსცა „წამებაჲ წმიდისა მიქაელისი...“ (კიმენი, ტ. I). ამ ძეგლში აღწერილია საბაწმიდის მოღვაწის მიქაელის ამბავი, რ-იც თავის მოწაფეთათვის თეოდორე აბუკურას უამბია.
მთხრობელის სახელი „ა.“ შემდეგ თხზულებას შერქმევია. თხზულება დაწერილია არაბ. ენაზე ვინმე ბასილის მიერ (IX ს.). „ა.“ X ს. დამდეგს ქართულად უთარგმნია უცნობ პირს. ძვ. ცნობის მიხედვით, ქართ. ტექსტი ბერძნულად უთარგმნია ექვთიმე მთაწმიდელს. გამოთქმულია აზრი, რომ „ა“ შეტანილია თეოდორე ედესელის „ცხოვრებაში“, რ-იც ბერძნულიდან ქართულად თარგმნა ეფრემ მცირემ.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
რ. ბარამიძე