აბულმუგი, აბულმუქი, ნასოფლარი მაშავრის ხეობაში, დმანისის ნაქალაქარის მახლობლად (ბოლნისის მუნიციპალიტეტი).
მიუხედავად სიძველისა, სოფელი ადრინდ. წყაროებში არ იხსენიება. 1721 ხალხის აღწერის დავთარში ა-ის ცხრა მებატონე და 20 გამომღები ყმაა დასახელებული. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ა. დაბა ყოფილა, სადაც მოიპოვებდნენ რკინასა და სპილენძს. X ს-ში ა-ის მახლობლად, მდ. მაშავრის მარცხ. ნაპირზე აუგიათ დარბაზული ტიპის ეკლესია, რ-იც საფუძვლიანად შეუკეთებიათ XVIII ს-ში. დღეისათვის ძლიერ დაზიანებულია. თავდაპირველი ფენა თლილი კვადრებითაა ნაგები (კედლების ქვემო ნაწილი –გარედან, თაღები – შიგნით), შემდეგი – უბრალო ქვით (კედლების შიგა პირი, კედლების ზემო ნაწილები). ეკლესია შელესილი ყოფილა. აღმ. კედელში ჩასმულია ორი ჩუქურთმიანი წითელი ქვა, რ-ზედაც ჯვარი და ფოთოლია გამოსახული. აქვე სარკმლის ძირის ქვად გამოყენებულია წარწერიანი ფილაქანი, რის გამოც შუა ნაწილი ამოჭრილია და წარწერა დაზიანებულია. დას. ფასადზე გარედან ჩასმულია თირის მოლურჯო ქვა ზედ გამოსახული ბოლნური მედალიონით. ქვებზე შემორჩენილი ქართული და ბერძნ. წარწერები პალეოგრაფიულად XI– XII სს. მიეკუთვნება.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მდ. მაშავრის ხეობაში.
დ. ბერძენიშვილი