აბუ შამა

აბუ შამა შიჰაბ ალ-დინ აბულ-კასიმ (10. I. 1203, დამასკი, – 13. VI. 1268, იქვე), არაბი ისტორიკოსი.

მრავალმხრივ განსწავლული ა. შ. ავტორია რამდენიმე ნაშრომისა, რ-თაგან მნიშვნელოვანია: 1. „წიგნი ორი ბაღისა ორი სახელმწიფოს ამბებში“ („ქითაბ ალ-რავდათაინ ფი ახბარ ალ-დავლათაინ“) – ათაბაგ ნურ ალ-დინ ზენგისა (1146–74) და სულთან სალაჰ ალ-დინის (1171 – 93) ისტორია ორ ტომად (კაირო, 187– 75); 2. „VI – VII საუკუნეების მოღვაწეების ბიოგრაფიები, ცნობილი, ორი ბაღის დამატებად“ (კაირო, 1947; ბეირუთი, 1974), რ-იც გადმოსცემს ახლო აღმოსავლეთის 1194/95– 1266/67 ამბებს და შეიცავს ამ პერიოდის მრავალრიცხოვანი მუსლ. მოღვაწის ბიოგრაფიებს. ორივე თხზულებაში არის ცნობები საქართველოს შესახებ. პირველში მოთხრობილია 1192 სალაჰ ალ-დინთან ქართველთა ელჩობაზე, რ-იც მიზნად ისახავდა იერუსალიმში ქართ. მონასტრების დაბრუნებას, მეორეში კი არის ცნობები 1203 საქართველოში აბასიანთა ხალიფის ალ-ნასირის ელჩის იბნ ალ-მარისთანიას ჩამოსვლის, ვანის ტბის რეგიონში საქართველოსა და აიუბიდთა სახელმწიფოს დაპირისპირებისა და 1210 ხლათთან ქართველთა მარცხის, 1215/16 აზერბაიჯანზე ქართველთა თავდასხმის, ჯალალედინის შემოსევისა და თბილისის აღების (1226), დამასკში 1234 გარდაცვლილი სუფი პოეტის ნაჯმ ალ-დინ ალ-თიფლისის შესახებ და სხვ.

გ. ჯაფარიძე