აგათანგელოსი, V ს. სომეხი ისტორიკოსი. თავის „ისტორიაში“ აღწერს სომხეთის გაქრისტიანებას (IV ს. დასაწყ.), სომხეთის ეკლესიის ორგანიზაციას და გადმოსცემს ქრისტიანობის პრინციპებს. თავს აღწერილი ამბების თანამედროვედ აცხადებს, სინამდვილეში კი V ს. II ნახევარში წერდა. საინტერესო ცნობები აქვს ქართ.-სომხური კულტურული და ეკლესიური ურთიერთობის საკითხებზე. მისი წიგნი ძველადვე ითარგმნა ბერძნულად, ქართულად და არაბულად. „ისტორიის“ ძვ. სომხ. ტექსტის გამოცემათაგან საუკეთესოდ ითვლება 1909 თბილისის გამოცემა.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, წგ. 1, ტფ., 1935.
ლ. ჯანაშია