აგეფსთა, იაღიაფსთა, მთა გაგრის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), გაგრის ქედზე, მდ. გეგის მარცხ. შენაკადის აგეფსთის სათავესთან. სიმაღლე 3257 მ. აგებულია ბაიოსური ტუფ-პორფირიტებით. მკაფიოდ ემჩნევა მეოთხეული გამყინვარების კვალი. თანამედროვე გამყინვარება მცირეა, უფრო ჩრდ. კალთაზეა. 1700–1800 მ-მდე სოჭნარი და წიფლნარია, ზემოთ კი – მაღალი ბალახეული, სუბალპ. და ალპ. მდელოები. მისასვლელი გზა – მდ. გეგისა და მდ. მზიმთის სათავეებიდან.
კ. მგელაძე