აგლაძე თამაზ რაფიელის ძე (12. VIII. 1940, თბილისი, – 27.I.2019,იქვე), ქიმიკოსი და ტექნოლოგი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1987).
დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1963). 1964-იდან მუშაობდა მოსკოვში ლ. კარპოვის სახ. ფიზიკური ქიმ. ინ-ტში, იმავდროულად (1980– 85) დ. მენდელეევის სახ. ქიმ.-ტექნოლ. ინ-ტში. 1985-იდან საქართვ. ტექ. უნ-ტის ელექტროქიმ. წარმოებათა ტექნოლ. კათედრის გამგეა. კოროზიასთან ბრძოლის რესპ. ცენტრის ხელმძღვანელი, საერთაშ. ჟურნ. „გამოყენებითი ელექტროქიმია“ („Journal of Applied Electrochemistry-ის“) რედ-კოლეგიის, საერთაშ. ელექტროქიმ. საზ-ბის და ამერიკელ გალვანიკოსთა საზ-ბის წევრი. ა-ის მეცნ. შრომები ეძღვნება ლითონთა ელექტროქიმ. და კოროზიის შესწავლას, არაორგ. და ლითონორგ. ნაერთთა ელექტროსინთეზის საკითხებს, ელექტროქიმ. ხელსაწყოთმშენებლობას. ელექტრონული მანგანუმის დიოქსიდის წარმოებაში დანერგა ტიტან-მანგანუმის შენადნობის შემცველი ელექტროქიმიურად აქტიური ანოდები. გომელის ხელსაწყოთსაშენებელ ქ-ნაში დანერგა იმპულსური პოტენციოსტატიკური კომპლექსი ელექტროქიმიური და კოროზიული კვლევისათვის (1982 დაჯილდოვდა ოქროს მედლით), 1983 მიენიჭა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია.
თხზ.: Особенности коррозийных процессов в органических средах, კრ.: Итоги науки и техники. Сер. „Коррозия и зашита от коррозии“, т. 9, М., 1982.