აგლაძეები, ძმები ნეოფიტე, ვლადიმერ (ლადო), ნიკოლოზ (ნიკო) და მათი მოგვარე ლავრენტი, ქვის მხატვრულად დამუშავების ოსტატები.
მათ თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვით თბილ. შენობათა მხატვრულ გაფორმებაში.
ნეოფიტე დიმიტრის ძე (1874, სოფ. მუხლი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 1956, თბილისი), ძმებს შორის უფროსი, „დინასტიის მეთაური“. 1887-იდან სწავლობდა თბილისში, იტალ. ოსტატის, ანდრეოლეტის სახელოსნოში. დიდი ინტერესით შეისწავლა ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლები, განსაკუთრებით ქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმა. ფოტოაპარატით შემოიარა საქართვ. სხვადასხვა კუთხე და ქართ. ჩუქურთმის სურათები მოაგროვა. მონაწილეობდა თბილისში სასამართლოს შენობისა და სახაზინო თეატრის მშენებლობაში; 1912 გახსნა საკუთარი სახელოსნო. 1913 დონის როსტოვში ჩატარებულ გამოფენაზე წარდგენილი მისი ქვის ნაკეთობები დაჯილდოვდა ოქროს მედლითა და სიგელით. იყო თბილ. სამხატვრო აკად. ქანდაკების ფაკ-ტის (ქვის კვეთა) და სამხატვრო-სამშენებლო სახელოსნო სასწავლებლის (1945–53, ახლანდ. თბილ. მ. თოიძის სახ. სამხატვრო-პროფესიული სწავლების ცენტრი) პედაგოგი. მუშაობდა ძმებთან ერთად. მონაწილეობდა ქაშვეთის ტაძრის, თბილ. სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ახლანდ. საქართვ. ეროვნ. ბ-კა), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქართვ. ფილიალის და სხვა არქიტ. ნაგებობათა მხატვრულ გაფორმებაში. შეაკეთა სვეტიცხოვლის კარნიზები და სახურავი, ქვისაგან გამოკვეთა ქართვ. მოქანდაკეთა მრავალი სკულპტურული ნამუშევარი: ა. წერეთლის საფლავის ქვა მთაწმინდაზე (ავტორი დ. კაკაბაძე), პ. მელიქიშვილის ბიუსტი თსუ-ის ბაღში (ავტორი ი. ნიკოლაძე). ხელი შეუწყო ქართ. ტრად. ხუროთმოძღვრული ჩუქურთმის გაცოცხლებას თანამედროვე ეროვნ. არქიტექტურაში.
ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე (1879, სოფ. მუხლი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 25. III. 1959, თბილისი), სწავლობდა თბილისში, ანდრეოლეტის სახელოსნოში, მონაწილეობდა თბილ. სახაზინო თეატრის, ქაშვეთის ტაძრის და თბილ. სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ხუროთმოძღვრულ დამუშავებაში (ჩუქურთმა და ნაძერწი სამკაულები). 1906 დააარსა ქვაზე მომუშავეთა პროფ. ორგანიზაცია. იბრძოდა I მსოფლიო ომში. 1921-იდან მუშაობდა მშენებელთა კავშირის თავ-რედ, ზაჰესისა და რიონჰესის სამშენებლო კომიტეტის წევრად, სააქციო სამშენებლო საზ-ბის თავ-რედ და სხვ. მონაწილეობდა საქართვ. მთავრობის სახლის, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქართვ. ფილიალის, ფუნიკულიორის ზედა სადგურის, კინოთეატრ „რუსთაველის“, ბ. პაიჭაძის სახ. ეროვნ. სტადიონის (ყველა თბილისში) მხატვრულ გაფორმებაში.
ნიკოლოზ (ნიკო) დიმიტრის ძე (15. IV. 1884, სოფ. მუხლი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 18. VII. 1955, თბილისი), სწავლობდა თბილისში, ანდრეოლეტის სახელოსნოში. მუშაობდა უფროს ძმებთან ერთად. შეისწავლა ქართ. ხუროთმოძღვრული ძეგლების ნიმუშები, დაეუფლა ქვის მხატვრულად დამუშავების რთულ პროფესიას. მონაწილეობდა კულტურის ძეგლებისა და თანამედროვე არქიტ. ნაგებობათა შეკეთება-აღდგენასა და მშენებლობაში. მხატვრულად გააფორმა ქაშვეთის ტაძრის, თბილ. სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, საქართვ. მთავრობის სახლის, ყოფ. მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქართვ. ფილიალის, ძვ. კინოსტუდიის, რკინიგზის სამმართველოს შენობები, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი (სახურავი და კარნიზები), ვარციხის შამპანური ქ-ნის შენობა და სხვ. ნეოფიტესთან ერთად მუშაობდა ირანში (1917).
ლავრენტი ალექსის ძე (1884, სოფ. ბარი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 1958, თბილისი), სწავლობდა ბაქოში, იტალ. ოსტატის ფრანზის სახელოსნოში (1897 – 1901). 1913-მდე იქვე მუშაობდა. მონაწილეობდა საზ. და კერძო ნაგებობათა ფასადების მხატვრულად გაფორმებაში (ბაქოს რეალური სასწავლებელი, 1905 და სხვ.). 1913-იდან მუშაობდა თბილისში ნეოფიტეს სახელოსნოში. მონაწილეობდა თბილ. სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, სასტუმრო „მაჟესტიკის“ (ახლანდ. „თბილისი“), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქართვ. ფილიალის, ფუნიკულიორის ზედა სადგურის, კინოთეატრ „რუსთაველის“, ბ. პაიჭაძის სახ. ეროვნ. სტადიონის (ყველა თბილისში) მხატვრულ გაფორმებაში.
ლიტ.: ა გ ლ ა ძ ე ნ., მოგონებანი, «საბჭოთა ხელოვნება», 1960, № 11; ბ ე რ ი ძ ე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება (1801 – 1917), [ტ.] 2, თბ., 1963.