აგლუტინაცია ენათმეცნიერებაში, აფიქსის მექანიკური დაკავშირება სიტყვის ძირთან ან ფუძესთან.
ა-ის დროს ერთი აფიქსი გამოხატავს მხოლოდ ერთ გრამატ. კატეგორიას და ყოველ გრამატ. მნიშვნელობას მუდამ გარკვეული აფიქსი გადმოსცემს. აფიქსი ორგანულად არ ერწყმის არც ძირს, არც წინამავალ და არც მომდევნო აფიქსს; სიტყვა-ფორმა ადვილად იშლება შემადგენელ ნაწილებად; ყველა ცვლილება, რაც მორფემათა საზღვარზე ხდება (ფუძის კუმშვა ან კვეცა, აფიქსური ელემენტის ხმოვნის ან თანხმოვნის შეცვლა), ექვემდებარება ამა თუ იმ ენისათვის დამახასიათებელ წმინდა ფონეტ. კანონზომიერებებს. ა-ის პრინციპის მიხედვით ქართ. ენაში იწარმოება: სახელებში -– ბრუნვის, რიცხვის კატეგორიები (მაგ., კაც-ი, აფიქსი -ი სახ. ბრუნვის ნიშანია; კაც-ებ-ს; -ებ- მრ. რიცხვის, ხოლო -ს მიც. ბრუნვის ნიშანია), ზმნებში - პირი, დრო, რიცხვი, კილო, გვარი, თემა, კაუზატივი და სხვ. (მაგ., ვ-წერ-დ-ი-თ; ვ- პირველი სუბიექტური პირის, -დ- ნამყო უსრული დროის, -თ მრ. რიცხივს ნიშნებია). ენათა მორფოლ. (ტიპოლოგიური) კლასიფიკაციის დროს ა. მიჩნეულია ერთ-ერთ საკლასიფიკაციო ნიშნად (იხ. აგრეთვე აგლუტინაციური ენები).