აგლუტინაციური ენები, ენები, რ-ებშიც სიტყვათცვლილება და სიტყვათწარმოება ხორციელდება აგლუტინაციის გზით (იხ. აგლუტინაცია ენათმეცნიერებაში).
ენათა ამ ტიპს განეკუთვნება ალთაური, თურქული, ფინურ-უნგრული, ქართველური, მთის იბერიულ-კავკასიური ენები, ამერ. ინდიელთა ენების ნაწილი, ზოგიერთი აფრიკული ენა. გამორიცხული არ არის ა. ე-ში დადასტურდეს ფლექსიური ან ანალიზური ენებისათვის ნიშანდობლივი წყობა, ანდა, პირიქით, სხვა ტიპის ენებში დაიძებნოს აგლუტინაციის შემთხვევები. მაგ., ქართულში ფუძედრეკადი ზმნებისათვის („ვდრეკ-ვდრიკე“ ტიპი) დამახასიათებელია ფუძის ფლექსია; ძვ. ქართულში გვხვდება ანალიზური წყობაც. მაგ., „აბრაჰამ შვა ისააკ“ (სუბიექტი და ობიექტი მორფოლოგიურად არ არის გარჩეული). ამდენად, ამა თუ იმ ენის აგლუტინაციურად მიჩნევისას უპირატესობა ენიჭება ძირითად მორფოლ. პრინციპს.