აგრის ბრძოლა 1751, ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრძოლა ჭარ-ბელაქნისა და შაქის გაერთიანებულ ლაშქართან მდ. აგრისწყლის (აგრიჩაი, ალაზნის შენაკადი, ახლანდ. აზერბაიჯანი) მიდამოებში.
1751 იანვ. თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ მრავალრიცხოვანი ჯარით გაილაშქრეს დაღ. მოთარეშეთა თავდასხმების მთავარი პლაცდარმის – ჭარ-ბელაქნის ე. წ. „უბატონო თემების“ დასამორჩილებლად. ქართველთა ლაშქარში შედიოდნენ განჯელთა და საქართვ. მაჰმადიანთა (ელები) რაზმები. თავდაპირველად ქართველთა მოკავშირე იყო შაქის ხანი აჯი-ჩალაბიც, რ-იც შემდეგ ჭარელ ლეკებს მიემხრო. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 11 თებერვალს. ქართველთა მეწინავე ლაშქარმა (ქიზიყელები და სომხით-საბარათიანოს რაზმები) ძლიერი შეტევით მტრის ცენტრი გაარღვია, მაგრამ დიდძალი ქვეითი ჯარით ჩასაფრებული აჯი-ჩალაბი მოულოდნელად დაესხა თავს ქართველთა მარცხ. ფრთას, რ-შიც ქსნისა და არაგვის საერისთავოების რაზმები შედიოდა. ქართველთა ლაშქრის მაჰმადიანური ნაწილი უბრძლოველად უკუიქცა. ქართველები დამარცხდნენ. განსაკუთრებით დაზარალდა ქვეითი ჯარი. ერეკლე II განსაცდელს გადაარჩინეს თავადმა პაპა ბებურიშვილმა და გლეხმა დავით ბოსტაშვილმა. თაიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს დიდი ბრძოლების გადახდა დასჭირდათ ამ მარცხის შედეგების სალიკვიდაციოდ.
წყარო: ბარათაშვილი ი., ცხოვრება-ანდერძი, ა. იოსელიანის გამოც., თბ., 1950; ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981.
ლ. ტუხაშვილი