აგრონომიული მადნები, აგროქიმიური ნედლეული, ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნები (ქანები ან მინერალები), რომლებსაც იყენებენ აგრონომიული მიზნით, მინერალური სასუქების წარმოებისათვის.
ტერმ. „ა. მ.“ 1921 შემოიღო მინერალოგმა ი. სამოილოვმა. ა. მ-ის მინერალებია: აპატიტი, თაბაშირი, გლაუკონიტი, დატოლითი და სხვ.; ქანები – დოლომიტები, კირქვები, კირქვიანი ტუფები, კალიუმის მარილები, ფოსფორიტები, გვარჯილები და სხვ. საქართველოში აპატიტი ნაპოვნია ოზურგეთის მუნიციპ-ში (სოფ. ვაკიჯვარი), თაბაშირი –ამბროლაურის (მუხლი–წესის და ჭრებალოს საბადოები), ონის (ვაკისხევის საბადო), ახალციხის (წყალთბილას საბადო), გალის (ოქუმის საბადო), წალენჯიხის (ხუდონის საბადო), წყალტუბოს (დერჩისა და მექვენის საბადოები) მუნიციპ-ებში და სხვ.; გლაუკონიტი – ქუთაისის მიდამოებში და სხვ.; ფოსფორიტები – მარტვილის (ხუნწი-ინჩხურის საბადო), თერჯოლის (გოდოგნის საბადო), ცაგერის (ე. წ. ლეჩხუმის საბადო), დედოფლისწყაროს (ელდარის დაბლობზე), წყალტუბოს (ცხუნკური–ჩუნეშის საბადო). მუნიციპ-ებში.
ლიტ.: საქართველოს ბუნებრივი რესურსები, მთ. რედაქტორი აკად. ირ. ჟორდანია, ტ. I–II, თბ., 2015. Природные ресурсы Грузинской ССР, т. 2-Неметалические полезные ископаемые, М., 1959.
ზ. ოთხმეზური