აგუნა

აგუნა, მევენახეობა-მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაება.

ა-ს რიტუალი საახალწლო და საშემოდგომო დღესასწაულებზე სრულდებოდა. ა-ს სახელზე საახალწლოდ ცხვებოდა ვაზის რქის ან მტევნის ფორმის კვერები (გურიაში ამგვარ კვერს „აგუნას პურს“ ეძახდნენ), მაღლარ ვაზთან ან მარანში ლოცულობდნენ და ღვთაებას ვაზის ნაყოფიერებას შესთხოვდნენ. შემდეგ იწყებოდა გადაძახება: „აგუნა, აგუნა, გადმოიარე... ჩვენს მამულში – ყურძენი, სხვის მამულში – ფურცელი...“ კლარჯეთში რთვლის დროს ვენახში ლხინს მართავდნენ: აკიდოებით შემკული შიშველი ყმაწვილები ფერხულს ცეკვავდნენ. ა-ს რაჭასა და ლეჩხუმში „ანგურა“ ეწოდებოდა, სამეგრელოში – „ჯუჯელია“, ნართების ადიღეურ ეპოსში „აგუნა“ საღვთო სასმლის ჭურჭელს აღნიშნავდა.

ა-ს რიტუალის ზოგიერთი ელემენტი პარალელს პოვებს ფრიგიულ-ბერძნ.-რომაული ღვთაების დიონისეს (ბახუსი) კულტთან, რ-იც ფართოდ იყო გავრცელებული ელინისტურ ხანაში. ა-ს კულტი გადმონაშთის სახით საქართვ. ზოგიერთ კუთხეში XIX ს-მდე შემორჩა.

ლიტ.: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე  ვ., აგუნა-ანგურა, «ძეგლის მეგობარი», 1968, №16; ლ ე კ ი ა შ ვ ი ლ ი  ა., შენ ხარ ვენახი, თბ., 1972; Т а к а й ш в и л и  Е. С., Археологическая експедиция 1917 года в южные провинции Грузии, Тб., 1952.

გ. ჩიტაია