აგური

აგური, მინერალური წარმოშობის სხვადასხვა მასალისაგან დაყალიბებული, სწორკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ხელოვნური საშენი ქვა.

სიმტკიცე, ყინვამედეგობა და სხვა ტექ. თვისებები მიღებული აქვს გამოწვით (კერამ. ა.) ან მაღალი წნევის (7 – 8 ატმ) ორთქლით დამუშავების შედეგად (სილიკატური ა.). კერამ. ა-ის ნედლეულად იყენებენ: თიხას, ტრეპელს, დიატომიტს; სილიკატურისთვის – კვარცის ქვიშას (ან კაჟმიწოვან სხვა ქანს) და კირს. დამზადების ხერხის მიხედვით კერამ. ა. შეიძლება იყოს პლასტ. ან ნახევრად მშრალი დაწნეხის. თიხის ა. უძველესი ხელოვნური საშენი მასალაა. შუამდინარეთსა და ეგვიპტეში აღმოჩენილია მრავალი ათასწლეულის წინათ ა-ით ნაგები არქიტ. ძეგლები. სტრაბონის ცნობით ახ. წ. დასაწყისში ა. უკვე ფართოდ იყო გავრცელებული იბერიაში, თუმცა ტერმ. „აგური“, ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით, ჩვენში მხოლოდ X ს-იდან გვხვდება; მანამდე იგი ალიზის სახელწოდებით იყო ცნობილი. ძველად საქართველოში უმთავრესად კვადრ. ფორმის ა-ს ამზადებდნენ. ანტ. და ადრინდ. ფეოდ. ხანაში მისი გვერდის ზომა 46 სმ – 54 სმ იყო, ხოლო სისქე 10 სმ – 11 სმ (ამგვარი ა. გამოყენებულია მცხეთისა და ურბნისის ძეგლებში). შუა საუკუნეებში ა-ის ზომები შემცირდა (გვერდის ზომა 21სმ – 27 სმ, სისქე – 4 სმ – 7 სმ). ამ ფორმის ა-ს, რ-საც ჩვენში ქართულ ა-ს უწოდებენ, დღეს დეკორ. დანიშნულებაღა შემორჩა და მას მხოლოდ ამ მიზნით მცირე რაოდენობით ამზადებენ. ა. მზადდება ჩვეულებრივი ან ღრუ; ზომით (სახელმწ. სტანდარტის მიხედვით) – ცალმაგი (250მმ × 120 მმ × 65 მმ) და მოდულური (250მმ × 120 მმ × 88 მმ). ამჟამად მოქმედ საწარმოთაგან აღსანიშნავია მეტეხის კერამიკა (ყოფილი საშენ მასალათა კომბინატი), რ-იც უშვებს შემდეგ პროდუქციას: აგურს, ორმაგ აგურს, სატიხრე და კერამიკულ ( ბ3 და ბ4) ბლოკს. ქ-ნას აქვს 2 ტექნოლ. ხაზი. სილიკატურ ა-ს ამზადებენ კვარცის ქვიშისა (92 – 95%) და კირის (5 – 8%) ნარევისაგან, რ-იც მყარდება ავტოკლავში მაღალი წნევის წყლის ორთქლის პირობებში. მის დამამზადებელ საწარმოთაგან აღსანიშნავია ავჭალის სილიკატური საკედლე მასალების ქ-ნა. შენობათა ფასადების, ვესტიბიულების და სხვ. მოსაპირკეთებლად იყენებენ სხვადასხვა ფორმის ა-ს, რ-ის ზედაპირი ზოგჯერ მოჭიქულია. ამზადებენ სპეც. დანიშნულების ა-საც – მჟავამედეგს, საგზაოს და სხვ.

ზ. წილოსანი