ადამ და ევა

ადამ და ევა, კაცთა მოდგმის წინაპარი წყვილი ძველი აღთქმის თანახმად (დაბ., თ. 2–3).

ღმერთმა საკუთარი ხელით მოზელილი მიწისაგან შექმნა ადამი (აქედან მისი სახელი – „ადამაჰ“ ნიშნავს „მიწას“) და ჩაჰბერა სული; ხოლო ევა („სიცოცხლის მიმცემი“ ) ადამის ნეკნიდან გამოიღო.

აკრძალული ხის ნაყოფის ჭამის მიზეზით განიდევნენ ისინი სამოთხიდან, სადაც უკვდავები უნდა ყოფილიყვნენ.

ქართ. ხალხ. პოეზიაში, როგორც ჩანს, აპოკრიფული ლიტ-რის საფუძველზე შექმნილია ლექსები ა. და ე-ს სამოთხეში ცხოვრებისა და მათი იქიდან განდევნის შესახებ.

ბიბლიური თქმა ა. და ე-ს შესახებ ფართოდ აისახა ქართ. მხატვრულ ხელოვნებაში.

ზ. კიკნაძე