ადამია გიორგი პორფილეს ძე [3 (16). XI. 1904, სოფ. მათხოჯი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი,–7. XII. 1986, თბილისი], თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1958), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1970).
1930 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1934–41 მუშაობდა უწერისა და ჯავის სანატორიუმების მთავარ ექიმად. მივლინებული იყო დას. საქართველოში პელაგრის გავრცელებასთან დაკავშირებით, სადაც დაამუშავა და შემდგომში გამოაქვეყნა (1946) ამ დაავადების კლინიკისა და თერაპიის საკითხები. 1958–61 იყო ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის გადაუდებელი თერაპიის კათედრის პროფესორი, 1961–78 - გამგე. იკვლევდა საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებებს.
თხზ.: ნაღვლის ქიმიზმის ცვალებადობა ქრონიკული ანგიოქოლეცისტოპათიების დროს, თბ., 1941; ღვიძლის ძირითადი ფუნქციების, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ცვლილებები აქტიური მალარიით დაავადებულებში, თბ., 1957; შინაგან დაავადებათა გადაუდებელი დიაგნოსტიკა და თერაპია, თბ., 1985.