აზატ-ხანი

აზატ-ხანი (გ. დაახლ. 1762), ირანის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ნადირ-შაჰის სარდალი;

წარმოშობით ავღანელი. ნადირ-შაჰის სიკვდილის (1747) შემდეგ ჩაება ირანის ტახტისათვის ბრძოლაში. დაიპყრო თავრიზი, ურუმი, ხოი და გაბატონდა სამხრ. აზერბაიჯანში. 1751 ააოხრა ქართლ-კახეთის მოხარკე ერევნის სახანო. ერეკლე II-მ იმავე წელს ა. დაამარცხა ყირხბულახის ბრძოლაში (ერევნის ახლოს) და ერევნის სახანოდან განდევნა. ამ მარცხის შემდეგ ა. ერთხანს წარმატებით ებრძოდა თავის მეტოქე ქერიმ-ხანს, აიღო ისპაანი და შირაზი, მაგრამ 1755 დამარცხდა. 1757 ა. სამხრ. აზერბაიჯანიდან განდევნა ყაჯართა ტომის ბელადმა მოჰამედ ჰასან-ხანმა. 1760 ერეკლე II-მ შეიპყრო და ქერიმ-ხანს გაუგზავნა შირაზში, სადაც ა-ს თვალები დათხარეს.

ლიტ.: შ ა რ ა შ ე ნ ი ძ ე  ზ., ირანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 1970; შ ე ნ გ ე ლ ი ა  ლ., ირანი ქერიმ-ხან ზენდის დროს, თბ., 1973.