გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი

გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი

გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი, გ. ე რ ი ს თ ა ვ ი ს ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ა, პროფესიული ქართული დრამატული თეატრი გორში. სათავეს იღებს 1865-იდან, როდესაც ადგილ. სცენისმოყვარეთა ძალებით გაიმართა გ. ერისთავის „ძუნწის" პირველი საჯარო წარმოდგენა. სცენისმოყვარეთა საშინაო წარმოდგენები გორში XIX ს. 40-იანი წლებიდან იმართებოდა, 70-იანი წლებიდან კი სისტემატური ხასიათი მიიღო. წარმოდგენები იმართებოდა ე. წ. „როტონდის" ხის შენობაში ან საზ. საკრებულოს დარბაზში (ხელმძღვანელობდა მწერალი ს. მგალობლიშვილი). აქედან დაიწყო მოღვაწეობა ქართ. თეატრის გამოჩენილმა მსახიობმა ნ. გაბუნიამ. გორში საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ პროფ. თეატრ. დასები თბილისიდან და ქუთაისიდან. XX ს-ის 20-იანი წლებიდან საფუძველი ჩაეყარა მუდმივმოქმედ დრამ. წრეს, რ-საც სხვადასხვა დროს უძღვებოდნენ ა. ჯაყელი, დ. ჩარკვიანი, ზ. გომელაური, ს. გრიქუროვი; მსახიობები მ. გარიყული, ნ. ერისთავი, ს. ციციშვილი, ვ. მურადელი და სხვ. დაიდგა: ა. ცაგარლის „ციმბირელი", ა. შირვანზადეს „პატიოსნებისათვის", ტ. რამიშვილის „სტუმარ-მასპინძელი", ვ. მონტის „კაი გრაკხი" და სხვ. 1934 დაარსდა პროფ. თეატრი, რ-საც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ა. ალაზნისპირელი, გ. ხელაია, გ. სულიაშვილი. დასში ირიცხებოდნენ: ა. ალავიძე, მ. ბახტაძე, ნ. კახნიაშვილი, შ. ხაჯალია, ნ. ჩიხლაძე, ნ. ნინონი, ვ. კახნიაშვილი და სხვ. თეატრის რეპერტუარში იყო ა. აფინოგენოვის „მგლის ბილიკი", ბ. ლავრენიოვის „რღვევა", პ. ირეთელის „ქრისტინე" და სხვ. მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია თეატრმა იმ პერიოდში, როდესაც თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო საქართვ. სახ. არტისტი პ. ფრანგიშვილი (1939–49). 1939 საზეიმოდ გაიხსნა თეატრის ახ. შენობა (არქიტ. შ. თავაძე). პირველი სპექტაკლი იყო ი. გედევანიშვილის „გადასასვლელზე" (30. I. 1940). 40-იან წლებში იდგმებოდა ა. წერეთლის „პატარა კახი", ი. ჭავჭავაძის „დედა და შვილი", დ. ერისთავის „სამშობლო", გ. მდივნის „ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ" და სხვ. თეატრის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით რეჟისორებს: ა. ალაზნისპირელს (თეატრის პირველი რეჟისორი), ვ. ყუშიტაშვილს , გ. ლორთქიფანიძეს, ო. ალექსიშვილს, ლ. იოსელიანს, გ. აბრამიშვილს, გ. სულიაშვილს, ს. ვაჩნაძეს, ი. კაკულიას, ვ. მაღლაფერიძეს, გ. სებისკვერაძეს, ა. ჯაყელს და სხვ.; მსახიობებს: თ. ა. აბაშიძეს, ქ. ბოჭორიშვილს, შ. ხერხეულიძეს, ნ. მაჭავარიანს, ს. კალანდარიშვილს, ე. არაქელოვს, ქ. ბახტაძეს, ვ. კახნიაშვილს, ვ. ცხვარიაშვილს, გ. ციცქიშვილს, ე. მოციქულაშვილს, ა. ივერიელს, ს. გრიქუროვს და სხვ. დიდია მხატვარ შ. ხუციშვილის წვლილი. 1947 თეატრს გ. ერისთავის სახელი მიენიჭა. თეატრის რეპერტუარშია ქართვ. და საზღვარგარეთელ დრამატურგთა პიესები: გ. ერისთავის „გაყრა", დ. ერისთავის „სამშობლო", პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი", ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი", ა. ცაგარლის „ხანუმა", ს. კლდიაშვილის „ირმის ხევი", ბ. ლავრენიოვის „რღვევა", ლ. სანიკიძის „მედეა", მაქსიმ გორკის „ვასა ჟელეზნოვა", ვ. პეტროვის "მშვიდობის კუნძული", გ. ბერიაშვილის "მეხდაცემული კაკალი", მ. ბაიჯიევის "დუელი", ჟ. ბ. მოლიერის "ძალად ექიმი", ნ. დუმბაძის „კუკარაჩა", ა. ჩხაიძის შთამომავლობა", ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება", შ. შამანაძის „ღია შუშაბანდი", ნ. დუმბაძის „თეთრი ბაირაღები", სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე", ლ. ქიაჩელის „ჰაკი აძბა", ე. დე ფილიპოს „ცილინდრი", მ. მრევლიშვილის წამებაჲ „დედოფლისა", ე. შვარცის „ჩვეულებრივი სასწაული", თ. ჭილაძის „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო", შ. დადიანის „გუშინდელნი", მ. ჯავახიშვილის „თეთრი საყელო", ჟ. ბ. მოლიერის „ჟორჟ დანდენი" და სხვ. თეატრის დასში მოღვაწეობდნენ (2009) საქართვ. სახ. არტისტი ჩ. ტატალაშვილი, საქართვ. დამს. არტისტები: ო. დათუნაშვილი, ლ. ოზგებაშვილი, დ. ჭამაური, მ. მეზურნიშვილი, ქ. მანუელიშვილი და სხვ. თეატრის დამდგმელი რეჟისორია ა. გვაძაბია, მთ. მხატვარი ვ. არჩვაძე, თეატრის მმართველი გ. მაჭარაშვილი.

ლიტ.: ბ უ ხ ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი გ., გორის თეატრი, თბ., 1965.

შ. ცუცქირიძე