აზო

აზო, აზონი, ლეგენდარული პიროვნება.

იხსენიება ძვ. ქართ. ისტ. წყაროებში. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ თანახმად, ალექსანდრე მაკედონელის (ძვ. წ. 356–323) ერთ-ერთი სარდალი, რ-იც მცხეთაში დატოვა მმართველად. ა. ყოფილა ქართველი, არიან-ქართლის მეფის ძე. მას თავისი მამის ქვეყნიდან, ქართველების პირვანდელი სამშობლოდან, წამოუყვანია მრავალი სახლი (გვარი), 10 სახლი კიდევ „მამა-მძუძეთა“ (აღმზრდელთა) და დაუსახლებია მცხეთასა და მის მიდამოებში. ა-ს არიან-ქართლიდან თან წამოუღია ღვთაებათა–გაიმისა და გაცის კერპები. ასე წარმოქმნილა ქართლის სამეფო, რ-ის პირველი მეფე თვითონ ა. გამხდარა. ამ თქმულებაში ჩანს გამოძახილი სხვადასხვა მითისა, კერძოდ, ა-ს სახელი არგონავტების მითის გმირის, იაზონის ვარიანტი უნდა იყოს.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ა. მაკედონელია, ალექსანდრე მაკედონელის სარდალი, რ-იც მან მცხეთაში დააყენა მმართველად და მისცა „ასი ათასი რომაელი“ (ბერძენი) მეომარი. ქართლთან ერთად ა-მ დაიპყრო ჰერეთი, დას. საქართველო, ხარკი დაადო ჩრდ. კავკასიის ტომებს. ა-ს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო ფარნავაზმა, მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწულმა. იგი დაუკავშირდა ეგრისის მმართველ ქუჯის. მათ მიიმხრეს აგრეთვე ჩრდ. კავკასიაში მცხოვრები ტომები და ა-ს ლაშქრის ათასი რჩეული მეომარი. ა. დამარცხდა და დაიღუპა ამ ბრძოლაში.

ლიტ.: მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი  გ., ქართლი (იბერია) ძვ. წ. VI–IV საუკუნეებში. ქართლის სამეფოს წარმოქმნა, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.; ქ ა ვ თ ა რ ი ა  გ., აზონი, თბ., 2000.

გ. მელიქიშვილი