ათანასე ათონელი, ერისკაცობაში აბრამი (დაახლ. 925/930, ტრაპიზონი, – დაახლ. 1000, ათონის მთა, საბერძნეთი), ბიზანტიელი სასულიერო მოღვაწე. „ათონის პატრიარქად“ წოდებული.
ა. ა. იმპ. ნიკიფორე II ფოკას დახმარებით., რ-თანაც პირადი მეგობრობა აკავშირებდა, ფაქტობრივად ათონის მთის სამონასტრო „რესპუბლიკის“ დამაარსებელი გახდა. 963 მან საფუძველი ჩაუყარა ათონის პირველ კინოვიალურ (საერთო საცხოვრებლის ტიპის) და ინტერნაციონალურ მონასტერს – დიდ ლავრას, რ-ში ბერძნების გარდა ქართვ. ბერებიც მოღვაწეობდნენ, მ. შ. იოანე ათონელი, მისი ძე ექვთიმე (შემდგომ ექვთიმე მთაწმიდელად წოდებული) და იოანე – თორნიკე (ერისთავი). მათ ა. ა-ის დიდ ლავრაში რამდენიმე წელი დაჰყვეს, ვიდრე დაახლ. 980 „განზრახვითა მამისა ათანასესითა“ საკუთარი, ათონის ივერთა დიდი მონასტერი არ ააშენეს. ივერთა მონასტრის ქტიტორთა შორის ა. ა. დღესაც პირველ ადგილზე მოიხსენიება. ისტ. და ლიტერატურულ წყაროებში ყურადღებას იპყრობს ა. ა-ის განსაკუთრებული წყალობა და კეთილგანწყობა ივერთა მონასტრისა და ქართვ. ბერების მიმართ. ა. ა-ის ანდერძის მიხედვით, მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ლავრისა და მაშასადამე, ათონის მთელი საძმოს სულიერ მოძღვრებად იოანე ათონელი და ექვთიმე მთაწმიდელი არიან გამოცხადებული. შესაძლოა მისი სიმპათია ქართვ. მოღვაწეთა მიმართ იმითაც აიხსნება, რომ, როგორც ზოგიერთი ბიოგრ. ცნობა (უძველესი ბერძნ. ხელნაწერები) მოწმობს, დედა კოლხი ჰყავდა. ა. ა-ის „დიდი ლავრისა“ და ივერთა მონასტრის მთავარ დღესასწაულებზე ამ სავანეთა წინამძღვრები ერთმანეთში ცვლიან საეკლ. და სხვა საზეიმო რიტუალების ხელმძღვანელობის ფუნქციებს. ათონის რიგი მონასტრების ფრესკებზე, სადაც ა. ა. ათონის სავანეების დამაარსებლად არის წარმოდგენილი, მის გვერდით, ჩვეულებრივ, ექვთიმე მთაწმიდელია გამოსახული. ა. ა. თავისი აშენებული დიდი ლავრის მთავარი ეკლესიის (კათოლიკონი) ხარაჩოებიდან ჩამოვარდნილა და გარდაცვლილა. როგორც ბერძნ., ისე ქართ. საეკლესიო კალენდრის მიხედვით ა. ა-ის მოხსენიების დღე 5 ივლისია. ექვთიმე მთაწმიდელს უთარგმნია „ცხოვრება დიდისა ათანასესი“, რ-იც შესაძლოა ა. ა-ს ეხებოდა, მაგრამ ამ თხზულების ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია.
ა. მიქაბერიძე