ათანასე არქიმანდრიტი (ერისკაცობაში ალექსი პეტრიაშვილი) (28. IX. 1774, ყიზლარი, ახლანდ. დაღესტნის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია – 17. X. 1832, მოსკოვი), საეკლესიო მოღვაწე, პედაგოგი, მესტამბე, თარჯიმანი.
დაამთავრა ასტრახანის სას. სემინარია. 1796–1801 იყო ყიზლარის ტაძრისა და მუშკეტერთა პოლკის მღვდელი. 1803 მთავარმმართველმა პ. ციციანოვმა საქართველოში გადმოიყვანა. აქ თარჯიმნობდა, იყო კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორი. მონაწილეობდა საქართვ. საერო და საეკლ. მართვა-გამგეობის რეფორმების შემუშავებაში. იღვწოდა განათლების საქმის განვითარებისათვის. თარგმნა და გამოსცა სახელმძღვანელოები, მოაწყო ქართ. სტამბა. დაახლოებული იყო ორბელიანთა სახლთან (გ. ორბელიანის ნათლია). მიტროპოლიტ ვარლამთან (ერისთავი) ერთად მოამზადა საქართვ. საეკლ. რეფორმის პროექტი. არსენ თბილელთან უთანხმოების შედეგად სასწავლებლის დირექტორობიდან გადააყენეს და ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად – არქიმანდრიტად დანიშნეს (1810). შემდეგში თბილისში ფერისცვალების (დარიის) მონასტრის არქიმანდრიტი იყო. 1819 საქართვ. საეგზარქოსოს დავალებით სამეგრელოს ეპარქიაში ახლებურად მოაწყო საეკლ. მმართველობა. შემდეგ ა. ა. რუსეთში გადავიდა და ჯერ ნიჟნინოვგოროდის გუბერნიის მაკარის მონასტრის წინამძღვარი იყო, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა მოსკ. დონის მონასტერს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კულტურის ამ კერის გარდაქმნაში.
დაკრძალულია იქვე.
ფ. სიხარულიძე