ათანელიშვილი (ათანელი) ვლადიმერ (ლადო) ისიდორეს ძე (დ. 12. IX. 1964, სოფ. სამრეკლო, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), მომღერალი (ბარიტონი), ფ. ვინიასის სახ. ვოკალისტთა საერთაშ. კონკურსის ლაურეატი (1991, ქ. ბარსელონა, I პრემია და გრანპრი), I პრიზი ბელვედერის (ვენა, ავსტრია, 1996), კიოლნის (გერმანია) საერთაშ. კონკურსებზე. რუსთაველის პრემიის ლაურეატი (2011).
1989 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (ჯ. ლორთქიფანიძის კლასი). ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში (1984 – 89) კონსერვატ. საოპერო სტუდიის სცენაზე შეასრულა ალეკოს (ს. რახმანინოვის „ალეკო“), ფიორელოს (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“), ბელ-კორეს (გ. დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“), ჟერმონის (ჯ. ვერდის „ტრავიატა“) პარტიები. 1988-იდან თბილ. ოპერისა და ბალეტის ეროვნ. თეატრის სტაჟიორია, 1989-იდან - სოლისტი. დებიუტი – რენატოს პარტია (ვერდის ოპერაში „ბალ-მასკარადი“). ამ თეატრის სცენაზე წარმატებით შეასრულა ჟერმონისა და მონტანოს (ჯ. ვერდის „ტრავიატა“ და „ოტელო“), ფიგაროს (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“), მურმანის (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“) პარტიები (კონსულტანტი - პროფ. ნ. ანდღულაძე). რეპერტუარში აქვს აგრეთვე სხვადასხვა პარტიები ვერდისა და სხვა იტალ. კომპოზიტორთა ოპერებიდან, აგრეთვე პ. ჩაიკოვსკის, ს. პროკოფიევის, ს. რახმანინოვის, ფ, შუბერტის, რ. შუმანის, ი. ბრამსის, მ. რაველისა და თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა კამერული და ვოკ. ლირიკის ნიმუშები. 1996-იდან მოღვაწეობს ევროპაში (ლასკალა, შტაატსოპერა, გრანდოპერა, კოვეტგარდენი მეტროპოლიტენ ოპერა და სხვ.), თანამშრომლობს მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსებთან (პ. დომინგო, ჯ. ლავაინი, რ. მუტი, ს. ოძავა, კ. ტილემანი და სხვ.) დროდადრო გასტროლებს მართავს საქართველოშიც.
მიღებული აქვს მწერალთა კავშირის ჯილდო „სიკეთის რაინდი“ (2011), არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2017), ამავე წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ გაიხსნა ა-ის სახელობითი ვარსკვლავი.
ლ. კაკულია