ათენგენობა, ქრისტიანული დღესასწაული. დაუწესებიათ III–IV სს. მიჯნაზე წამებული ბერძენი მღვდელთმოძღვრის ათენეგენე (ათინოგენ) სებასტიელის მოსახსენებლად. ა. ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოსა და სომხეთში. განეკუთვნებოდა მოძრავ დღესასწაულთა ციკლს. იმართებოდა ივნის-ივლისში, აღდგომიდან 98-ე დღეს („დღესა ვარდობასა“). ამჟამად შემორჩენილია აღმ. საქართვ. მთაში. ხევსურეთში მას ა-ს ეძახიან, თუშეთში – ათნიგენობას, ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც დღეობა იმართება (ლაშარობა, თამარობა, სერობა და ა. შ.). ა. მიჩნეულია თიბვის დაწყების დღესასწაულად. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მან ნაწილობრივ დაიკავა ძველი წარმართული თიბვა-მკის კეთილდღეობისათვის განკუთვნილი დღეობების ადგილი.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1956; მ ა კ ა ლ ა თ ი ა მ., მესაქონლეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1985.
თ. ოჩიაური