ათნოხი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის თემში (მცხეთა-მთიანეთია რეგიონი), მდ. გუდამაყრის არაგვის მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 1600 მ, დუშეთიდან 50 კმ, საქართვ. სამხ. გზიდან 17 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის. სოფლის განაპირას, ჩრდ-ით, აღმართულია შუა საუკ. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კარის ანგელოზის ეკლესია. გეგმით სწორკუთხა უაფსიდო შენობა დღეისათვის ძლიერ დაზიანებულია, სანახევროდ მიწითაა დაფარული. ძირითადად ნაგებია კლდის ქვით, გამოყენებულია შირიმის დამუშავებული ქვაც. აქვეა სამრეკლო, რ-იც გვიანდ. შუა საუკუნეებს მიეკუთვნება.
ი. წიკლაური