ათონის ივერთა მონასტერი, ძვ. ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა საზღვარგარეთ.
მდებარეობს საბერძნეთში, ეგეოსის ზღვის პირას, ქალკედონის ნ.-კ-ის აღმ. შვერილზე, აიონ-ოროსის (მთაწმიდის) ანუ ათონის ნ.-კ-ზე. სხვადასხვა ეროვნების ქრისტიანებთან ერთად აქ ქართველმა სას. მოღვაწეებმაც დაიდეს ბინა X ს. შუა წლებიდან. ისინი ჯერ ბერძენთა სადგომებში ცხოვრობდნენ, ხოლო 980–983 დიდი ტაძარი ააგეს და ა. ი. მ. (ივირონი, ივერონი) გააშენეს. მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვით იოანე მთაწმინდელს და, განსაკუთრებით, სარდალ თორნიკეს (იხ. თორნიკე ერისთავი), რ-მაც ბარდა სკლიაროსის ლაშქრის დამარცხების შემდეგ (979) ხელთ იგდო დიდძალი ნადავლი და ა. ი. მ-ის მშენებლობას მოახმარა. მონასტრის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა შედიოდა, მ. შ. „დიდი ეკლესია“ – გუმბათოვანი ტაძარი, რ-იც საუკუნეთა მანძილზე მრავალჯერ გადაკეთდა და დღესაც არსებობს. მონასტერი მალე არა მარტო ბიზანტიაში მყოფ ქართველთა მთავარ საეკლ. ცენტრად, არამედ საერთოდ ქართ. სულიერი კულტ. მძლავრ კერად იქცა. იოანესა და თორნიკეს დაკვეთით აქ მუშაობდა ქართვ. მწიგნობარ-კალიგრაფთა დიდი ჯგუფი. აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ათონის ლიტერატურული სკოლა, რ-საც სათავეში ედგნენ ექვთიმე მთაწმინდელი და მისი ტრადიციების გამღრმავებელი გიორგი მთაწმინდელი. მათი ხელმძღვანელობით X–XI სს-ში ათონზე გაჩაღდა ფართო კულტ.-შემოქმედებითი საქმიანობა: დაიწერა ორიგინ. თხზულებები, ქართულად ითარგმნა ბიზანტ. ლიტ-რის მნიშვნელოვანი ძეგლები, გამრავლდა ხელნაწერები. ათონის ლიტერატურულმა სკოლამ ხელი შეუწყო ბიზანტ. კულტურასთან ქართვ. მწერლობის შემდგომ დაახლოებას, ბიზანტ. ლიტერატურული ტრადიციების ჩვენს სინამდვილეში გადმონერგვას, ქართ. მწერლობის მსოფლიო სარბიელზე გაყვანას. ექვთიმე მთაწმინდელმა ქართულიდან ბერძნულად თარგმნა „სიბრძნე ბალავარისა“, რ-იც შემდგომში მრავალ ევრ. ენაზე ითარგმნა. მომდევნო საუკუნეებში ა. ი. მ.-ში საგანმანათლებლო მუშაობა შესუსტდა. მწიგნობრები მეტწილად ხელნაწერების დამზადებით კმაყოფილდებოდნენ და მხოლოდ ახ. ნუსხებით ამდიდრებდნენ იმ წიგნთსაცავს, რ-იც დღესაც ათონის ფასდაუდებელი საგანძურია. ათონის ქართველთა კულტ. ცენტრში შემოქმედებითი საქმიანობის განელება და შემდგომში შეწყვეტა ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რ-საც იქ მოღვაწე ქართველები განიცდიდნენ ჯერ კიდევ XI ს-იდან. XIV ს-იდან ბერძნებმა თანდათან ხელთ იგდეს სავანე, ხოლო XIX ს-ში მთლიანად დაეპატრონენ მას, თუმცა ქართვ. მოწესენი იქ შემდეგაც მოღვაწეობდნენ.
XX ს. დამდეგს ათონზე 51 ქართველი იყო, მათგან 48 – ა. ი. მ-ში. ამჟამად ა. ი. მ. ზღვიდან გამაგრებულ ციხე-სიმაგრეს ჰგავს. მონასტრის კომპლექსის ნაგებობები ოთხკუთხა მოედანს ქმნიან, რ-ის შუაგულში „დიდი ეკლესია“ – გუმბათოვანი ტაძარი დგას. გარშემო განლაგებულია ბერთა სენაკები, მისაღები დარბაზები. პირველ დარბაზში ერთ-ერთ სურათზე გამოსახულია წმ. ნინო, ხალხი და მუხლმოდრეკილი მირიან მეფე, მეორეზე – მცხეთის სვეტიცხოველი. მონასტრის გარეთ სამეურნეო დანიშნულების შენობებია. აქვეა წყარო, აუზი ნაკურთხი წყლით, ფანჩატური და სხვ. უკანასკნელი ქართვ. ბერი 1956 გარდაიცვალა. საბერძნეთთან XX ს-ის 80-იან წლებში დამყარებული კარგი ურთიერთობის მეოხებით გაიშალა სამეცნ.-ლიტერატურული თანამშრომლობაც; მიღებულია ათონის ქართ. ხელნაწერთა მიკროფილმები, დაიწყო ახ. ეტაპი ათონის ლიტერატურული სკოლის შესწავლის ისტორიაში. 1985 უცხოელმა მეცნიერებმა ფრანგ. ენაზე გამოსცეს „ივირონის აქტები“ (ქართვ. თანაავტორი ე. მეტრეველი).
ლიტ.: ათონის საღვთისმეტყველო–ლიტერატურული სკოლა, თბ., შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2013; ა ლ ე ქ ს ი ძ ე ა., ათონი ათასწლოვანი, თბ., 1982; გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს სესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 8, თბ., 1970; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მ ე ნ ა ბ დ ე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980; Х и н т и б и д з е Э., Афонская грузинская литературная школа. Тб., 1982.
ლ. მენაბდე