აიაზმა, აიაზმი (ისტ. თეთრი წყარო), სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), წალკის ქვაბულის სამხრ.-დას. ნაწილში. სათავო სოფელი. ზ. დ. 1580 მ, წალკიდან 18 კმ. 415 მცხ. (2014). ა. ისტ. თრიალეთის უძველესი სოფელია. ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე (XVIII ს.) იგი თეთრი წყაროს სახელითაა აღნიშნული. ა. შეარქვა XIX ს. 20-იან წლებში ახლად ჩამოსახლებულმა არაქართულმა მოსახლეობამ და „წმინდა წყალს“ ნიშნავს. სოფელში დგას VI–VII სს. მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია, რ-საც აღმ. მხარეს, კედლის სიბრტყეში მოქცეული ნახევარწრიული აფსიდი აქვს. კარის თავზე წარწერაში ნათქვამია, რომ ძეგლი 1045 აღუდგენიათ. აქვე მოხსენიებულია კათალიკოსი ოქროპირი (ე. თაყაიშვილის გამოკვლევით მოღვაწეობდა ბაგრატ IV-ის დროს, XI ს. I ნახევარში). ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვების სწორი რიგებით, რ-თა ნაკერები მოგვიანებით დაუფარავთ დუღაბის სქელი ფენით. შენობის კუთხეებისა და კარ-სარკმლებისათვის გამოყენებულია თლილი ქვა. ჩრდ. მხრიდან ეგვტერი აქვს მიშენებული, აქედანვე იყო მოწყობილი 2 თაღით გახსნილი შესასვლელი. მოგვიანებით, შეკეთების დროს, ეკლესიას დას. მხრიდან კიდევ ერთი სათავსი მიაშენეს, რ-იც ჩრდ. ეგვტერთან ერთად ქმნის გარსშემოსავლელს. ეკლესიაც და ეგვტერიც გადახურულია ქვით ამოყვანილი კამარით. აღსანიშნავია თაღების მოტივით დამუშავებული ლავგარდანი, რელიეფები და, განსაკუთრებით, სვეტისთავების მორთულობა. არქიტ. ფორმებითა და სტილისტიკური ნიშნებით ა-ის ეკლესია ახლოს დგას ისეთ ძეგლებთან, როგორიცაა ბოლნისის სიონი, ქვემო ბოლნისისა და ოლთისის ეკლესიები. ეკლესიის იატაკზე დაგებული ქვის ფილების ქვეშ მოედინება მძლავრი წყარო, რ-იც მილებით გორაკის ფერდობზე მოწყობილ აუზში ჩადის. ა. ყველა თრიალეთელი ქრისტიანის სალოცავი იყო.
ლიტ.: Ч у б и н а ш в и л и Н. Г., Ш м е р л и н г Р. О., Храмы в древних селениях Триалети – Олтиси и Тетри-Цкаро, «ქართული ხელოვნება», 1948, ტ. 2.