აიეტი (ბერძნ. Aiētēs), ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟი, ჰელიოსისა და ოკეანეს ასულის პერსეს ძე, კირკეს, პასიფაესა და პერსესის ძმა, აიას, ანუ კოლხეთის მეფე, არგონავტთა თქმულების ერთ-ერთი პერსონაჟი.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით (ევმელოს კორინთელი) ა. ჰელიოსს ანტიოპესაგან შეეძინა. ა-ს ალოევსთან ერთად მამისაგან ეფირის მხარე რგებია, რ-იც შემდეგ ბუნოსისათვის დაუტოვებია, ვიდრე იქ ვინმე მისიანი მიბრუნდებოდა, თავად კი აია-კოლხეთში წასულა. ა-ის ცოლებისა და შვილების თაობაზე მითოლ. ტრადიციაში ერთიანობა არ არის. აპოლონიოს როდოსელის (III, 242...) მიხედვით კავკასიელ ნიმფის ასტეროდეასაგან მას ვაჟიშვილი აფსირტე შესძენია, ხოლო მეორე ცოლის ოკეანეს ასულ იდიიასაგან – ქალიშვილები ქალკიოპე და მედეა, ა-ის ცოლებად ასახელებენ აგრეთვე ევრილიტეს („ნავპაკტიკა“), ჰეკატეს (დიოდორე სიცილიელი IV, 45; იგი ჯადოქარ კირკესაც ა-ის ქალიშვილად მოიხსენიებს). ანტ. ლიტ-რაში სასტიკი და შეუვალი მეფის სიმბოლოს წარმოადგენს. სახელის ეტიმოლოგია ჩვეულებრივ აიადან გამოჰყავთ (აიას მკვიდრი, მოქალაქე). ამ შემთხვევაში სიტყვის ტეს-ით წარმოება ბერძნ. გაფორმებაზე მიუთითებს. ყურადღებას იქცევს ანტ. ცნობები, რომ ა-ის სახელი კოლხებში გავრცელებული ყოფილა კლასიკურსა და შემდგომ ეპოქაშიც.
რ. გორდეზიანი