ალ-აინი ბადრ ალ-დინ მაჰმუდ იბნ აჰმად (1360, აინტაბი, – 1451, კაირო), არაბი ისტორიკოსი.
მისი მრავალრიცხოვანი ნაშრომებიდან უმთავრესია მსოფლიო ისტ. ტიპის თხზულება „მარგალიტების ყელსაბამი თავისი დროის ხალხის ისტორიაში“ („იკდ ალ-ჯუმან ფი თარიხ აჰლ აზ-ზამან“) 4 ტომად, რ-იც მოიცავს პერიოდს კაცობრიობის გაჩენიდან 1446-მდე. აქ ქრონოლოგიური რიგით აღნუსხულია ეგვიპტის ურთიერთობა ბიზანტიასთან, ოქროს ურდოსთან, ილხანთა ირანთან და მის ხელქვეით საქართველოსთან, რ-იც ხშირად ისჯებოდა ოქროს ურდოსა და ეგვიპტის წინააღმდეგ ილხანების მიერ გაჩაღებულ ომებში მონაწილეობისათვის. ალ-ა-ის ცნობით, სწორედ ამ მიზეზით 1273 სულთან ბაიბარს ბუნდუკდარს (1260–77) ქართველები ჯვრის მონასტრიდან გაუძევებია და იგი მეჩეთად გადაუკეთებია, აგრეთვე ქართველებისათვის აუკრძალავს ქრისტიანთა სხვა წმინდა ადგილებში ჩვეულებრივი წესით სიარული.
იერუსალიმის მიტაცებისას მუსლიმანებს ქართველებისათვის ჩამოურთმევიათ „კლიტენი იერუსალიმისანი“ (ქრისტეს საფლავად მიჩნეული წმინდა სალოცავი). ამ მეტად დამამცირებელი შეზღუდვების მოხსნის მიზნით საქართველოს მეფეებს არაერთხელ მიუმართავთ ეგვიპტის გამგებლებისათვის (1305, 1320 ელჩობა). 1305 მამლუქთა სულთანს ქართველებისათვის დაუბრუნებია ჯვრის მონასტერი, შემდეგ კი – „კლიტენი იერუსალიმისანი“. ალ-ა-ის ცნობით, აღმ. საქართველო ორ ნაწილად ყოფილა გაყოფილი. ჩრდ. ნაწილი მდ. მტკვრამდე ოქროს ურდოს სჭერია, სამხრ. ნაწილი – ილხანთა ირანს.
ლიტ.: მ ე ნ თ ე შ ა შ ვ ი ლ ი ა., საქართველოს და ეგვიპტის ისტორიის ურთიერთობიდან, «დროშა», 1958, № 9; ს ი ლ ა გ ა ძ ე ბ., მასალები საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიისათვის, «ქართული წყაროთმცოდნეობა», 1968, [ტ.] 2; Ц а г а р е л и А., Памятники грузинской старины в Святой земле и на Синае, «Православный палестинский сборник», т. 1, в. 1, СПб., 1888.
ბ. სილაგაძე