აინშტაინი

აინშტაინი (Einstein) ალბერტ (14. III. 1879, ქ. ულმი, გერმანია, - 18. IV. 1955, ქ. პრინსტონი, აშშ), გერმანელი ფიზიკოსი, თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი; დიდი ჰუმანისტი და პაციფისტი.

დაამთავრა ციურიხის პოლიტექნიკუმი (1900). 1909 – 11 იყო ციურიხის უნ-ტის პროფესორი, ხოლო 1911 – 12 – პრაღის გერმ. უნ-ტის თეორ. ფიზ. კათედრის გამგე. 1913 ა. აირჩიეს პრუსიის მეცნ. აკად. წევრად. 1914–33 იყო ბერლინის უნ-ტის პროფესორი და ფიზ. ინ-ტის დირექტორი. გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ (1933) ა-მა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა პრუსიის აკად. წევრობაზე და აშშ-ში გადასახლდა. აქ იგი მიიწვიეს პრინსტონის ფუნდამენტურ გამოკვლევათა ინ-ტში, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა. ა-ის მიერ ჩამოაყალიბა ფარდობითობის კერძო (1905) და ზოგადი (1915) თეორიები. ამ თეორიებმა არსებითად შეცვალა ჩვენი წარმოდგენები სივრცესა და დროზე და დიდი გავლენა მოახდინა მეცნიერთა მსოფლმხედველობაზე. 1905 დაადგინა ფოტოეფექტის კანონები (ნობელის პრემია, 1921), თეორიულად აღწერა ბროუნის მოძრაობა, დაადგინა მასისა და ენერგიის ექვივალენტობის კანონი. 1907 შეიმუშავა სითბოტევადობის კვანტური თეორია. 1912 აღმოაჩინა ფოტოქიმ. ძირითადი კანონი (ა-ის კანონი), 1924 – 25 შექმნა კვანტური სტატისტიკის ერთ-ერთი ფორმა (ბოზე-აინშტაინის სტატისტიკა) და სხვ. 1933 -იდან მუშაობდა კოსმოლოგიისა და ველის ერთიანი თეორიის პრობლემებზე. იყო მრავალი მეცნ. აკად. და სამეცნ. საზ-ბის წევრი. საქართველოში ა-ის შემოქმედებისადმი ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. ჯერ კიდევ 1924 საზოგადოების თხოვნით ა. რაზმაძემ დაწერა სამეცნ.-პოპულ. ნაშრომი „რელატივობის მოძღვრება აინშტაინისა“. იმავე წელს გამოქვეყნდა მ. გოგიბერიძის ნაშრომი „აინშტაინის რელატივობის თეორია და მისი ფილოსოფიური საფუძვლები“. XX ს-ის 30-იან წლებში ფარდობითობის თეორიას მიეძღვნა აგრეთვე ნ. მუსხელიშვილისა და ვ. კუპრაძის წერილები. 1964 თსუ-ის ზოგად ფიზ. კათედრასთან მ. მირიანაშვილმა დააარსა ფარდობითობის ზოგადი თეორიის კვლევითი ჯგუფი. აღსანიშნავია, რომ რ. ხუციშვილი ბერლინის უნ-ტში სწავლისას ისმენდა ა-ის ლექციებს და მის ჩათვლის წიგნაკში ა-ის ავტოგრაფიც არის.

თხზ.: Собрание научных трудов, т. 1 – 4, М., 1965 – 67.

ლიტ.: ა ვ ა ლ ი ა ნ ი  ს., აინშტაინი, თბ., 1983; მ ი რ ი ა ნ ა შ ვ ი ლ ი  მ., ა ვ ა ლ ი ა ნ ი ს., ალბერტ აინშტაინი, თბ., 1972; პ ა რ კ ა ძ ე  ვ., ალბერტ აინშტაინი (დაბადების მე-100 წლისთავი), თბ., 1979.