აიონ-ოროსი (ბერძნ. Hagion Oros, ახალი ბერძნ. Ajon Orõs –წმინდა მთა), ათონი, ნ.-კ. აღმ. საბერძნეთში, ქალკედონის ნ.-კ-ის აღმ. შვერილი.
შეჭრილია ეგეოსის ზღვაში. სიგრძე 50 კმ, სიგანე 10 კმ. მის სამხრ.-აღმ. ნაწილში აღმართულია მთა ათონი (2033 მ). ა.-ო. კრისტალური ფიქლებით აგებული ჰორსტია. დაფარულია მაკვისით, ფიჭვის, მუხისა და წიფლის ტყეებით. ნ.-კ-ის ძვ. სახელწ. იყო აქტე. ძვ. წ. 480 საბერძნეთის წინააღმდეგ გამოლაშქრებამდე ქსერქსეს აქტეს ყელზე გაუჭრია არხი, რ-ის კვალი დღემდეა შემორჩენილი. VII–VIII სს-ში აქ იწყება განდეგილების, შემდეგ მონაზონთა დამკვიდრება და სამონასტრო მშენებლობა. VIII ს. ბოლოს ქართვ. მონაზვნებს აქ მცირე სავანე „ათო“ დაუფუძნებიათ. შემდეგ არაბთა თავდასხმების შედეგად ა.-ო. რამდენჯერმე გაუკაცრიელებულა.
პირველი დიდი მონასტერი – „დიდი ლავრა“ აქ 963 ააგო ათანასე ათონელმა. ათანასე ათონელის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა მონასტერი ვატოპედი და ათონის ივერთა მონასტერი. ბერძნებისა და ქართველების გარდა აქ მონასტრები ააშენეს სერბებმა (ხილანდარი), ბულგარელებმა (ზოგრაფუ), რუსებმა (როსიკონი) და სხვ.; XV ს-ში ა.-ო-ზე 30 მონასტერი და 30 ათ-მდე მონაზონი იყო, 1961 კი – 20 მონასტერი და 12 სოფელი (2687 მცხ.). ბიზანტ. იმპერიის დაცემის ხანაში, კერძოდ, თესალონიკეს დაცემის შემდეგ (1430) ა.-ო. ოსმალებმა დაიპყრეს და ყოველწლიური გადასახადის პირობით მონასტრებს მმართველობის და კულტის თავისუფლება მიანიჭეს.
I მსოფლიო ომის შემდეგ ა.-ო. საბერძნეთის შემადგენლობაში (თესალონიკეს ნომოსი) შევიდა. ა.-ო-ის მონასტრებზე უმაღლესი იურისდიქციის უფლება კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელთ არის, ხოლო მონასტრებს მართავს მათივე 20 წარმომადგენლისაგან შემდგარი საბჭო. აღმასრ. ხელისუფლება ეკუთვნის მორიგეობით არჩეულ საბჭოს 4 წევრს და კრების თავ-რეს – პროტოსს, რ-ის ადგილსამყოფელია კარიასი (X ს-იდან). ა.-ო-ის საკულტო არქიტექტურისათვის დამახასიათებელია გუმბათიანი სამაფსიდიანი ტაძრები, ჩვეულებრივ ორმაგკარიბჭიანი. მონასტერთან არის სატრაპეზოები, საცხოვრებლები, სენაკები, ბ-კა და სამეურნეო ნაგებობანი; ზოგიერთ მონასტერში შესანიშნავი ფრესკები, მოზაიკა, ხატები, ოქრომჭედლობისა და მინანქრის საუკეთესო ნიმუშებია (ყველაზე ადრინდელი XI ს. განეკუთვნება). ა.-ო-ის მონასტრების ძვირფასი საგანძურია 11 ათასამდე ხელნაწერი (ბერძნ., ქართ., სლავ.), სიგელ-გუჯრები და სხვ. დოკუმენტები. ეს მასალა საუკუნეთა განმავლობაში ნადგურდებოდა მტერთა შემოსევის შედეგად. ბევრი ხელნაწერი განადგურდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბერძენთა ეროვნ.-განმათ. აჯანყების დროს 1821–29. მიმდინარეობს მუშაობა ა.-ო-ის ყველა ხელნაწერის აღსანუსხავად და მათ ფოტოპირთა გადასაღებად.
ლიტ.: К о н д а к о в Н. П., Памятники христианского искусства на Афоне, СПб., 1902; У с п е н с к и й П., История Афона, ч. 1 – 3, К., 1877; B i é s J., Mont Athos, P., 1963.
ა. ალექსიძე