„აკადემიური მწერლობის კავშირი“

„აკადემიური მწერლობის კავშირი“, „ძველი მწერლობის კავშირი“, „აკადემიური მწერლობის ასოციაცია“, სამწერლო გაერთიანება XX ს. 20-იანი წწ. ქართულ ლიტ-რაში.

1922 – 23 მის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ კ. გამსახურდია, პ. ინგოროყვა, ა. აბაშელი, ი. გრიშაშვილი, კ. მაყაშვილი, ვ. კოტეტიშვილი, ვ. რუხაძე, ს. თავაძე, ა. ჭუმბაძე და სხვ. ეს მწერლები (და მათთან ერთად მარიჯანი, ქ. რაჭველიშვილი) შედიოდნენ ასოციაციის გამგეობაში. 1925 და 1928 „კავშირში“ იყვნენ ნ. ლორთქიფანიძე, შიო მღვიმელი, ნ. ნიკოლაძე, ლ. ქიაჩელი, ვ. ბარნოვი, დ. კლდიაშვილი, ე. გაბაშვილი, თ. სახოკია, ს. ყაუხჩიშვილი, ს. ჯანაშია, პ. კაკაბაძე, ნ. ნაკაშიძე და სხვ. „ა. მ. კ-ის“ შემადგენლობა არ იყო ერთგვაროვანი, თუმცა მისი წევრების მხატვრულ შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ეროვნ. მოტივს. ბევრი მათგანი უნდობლად იყო განწყობილი ახ. საზ. წყობის მიმართ, ზოგიერთის აზრით კი აუცილებელი იყო საბჭ. ხელისუფლებასთან აქტ. შემოქმედებითი თანამშრომლობა. „კავშირის“ წევრთა ორჭოფობას განმარტავდა ჟურნ. „ახალი კავკასიონი“ (1925, № 1 – 2) თავის სარედაქციო წერილში. კ. გამსახურდია ჟურნ. „ილიონში“ მოითხოვდა ახ. პირობებში მთელი ეროვნ. ენერგია მიემართათ კულტ. ფრონტზე საბრძოლველად. ეჭვებისა და მერყეობის გამო მათ პერიოდულ გამოცემებში („ხომლი“, 1923, № 1 და გაზ. „პოეზიის დღე“, 1922, 1923) ხშირად იბეჭდებოდა მწუხარების, ტანჯვის, შეშფოთების მოტივებზე აგებული ნაწარმოებები. მათ მკაცრად აკრიტიკებდნენ პროლეტ. მწერლები. 1926 სრულიად საქართვ. მწერალთა I ყრილობაზე „ა. მ. კ-ის“ ასოციაციის თავ-რედ აირჩიეს კ. მაყაშვილი, პრეზიდიუმში - პ. ინგოროყვა, ა. აბაშელი, კ. გამსახურდია, ი. გრიშაშვილი, ა. ჭუმბაძე. ამ დაჯგუფების მწერლები გაერთიანდნენ შემდეგი ჟურნალების გარშემო: „ხომალდი“ (1921 – 22, რედ. ა. აბაშელი), „ილიონი“ (1922 – 23, რედ. კ. გამსახურდია), „კავკასიონი“ (1924, რედ. კ. ინგოროყვა), „ახალი კავკასიონი“ (1925, რედ. პ. ინგოროყვა), „ლაშარი“ (1923), გაზ. „პოეზიის დღე“ (1922, 1923, 1924), „ლომისი“ (1922, 1923, რედ. ლ. ქიაჩელი), „საქართველოს სამრეკლო“ (1923, რედ. კ. გამსახურდია). „კავკასიონში“ გაერთიანებული იყვნენ „ცისფერყანწელებიც“ და სხვა მწერლებიც.

დროთა განმავლობაში „ა. მ. კ-ის“ წევრთა უმეტესობის მსოფლმხედველობამ ღრმა ცვლილებები განიცადა, XXს-ის 30-იანი წწ. დამდეგს გაერთიანება დაიშალა.