აკაზმები

აკაზმები, ვერტიკალური საქსოვი დაზგა თუშეთში (ფშავ-ხევსურული ყდანი).

განეკუთვნება ქართ. ხალხ. ბეჭ-საშევრიანი საქსოვი დაზგების ჯგუფს. შედგება ორი მაღალი სვეტისა (აკაზმა) და მათ „თვლებში“ განივად ჩასმული ორი უძრავი ლილვისაგან, რ-ებზეც ქსელი (თხორი) დაგებულია ვერტიკალურად. ა-ის საქსოვი მოწყობილობის მთავარი ნაწილებია: საშევარი (ქსლის გამყოფი უძრავი დგიმი), ბეჭი (მისაქლის ჩასაბეჭავი ხელსაწყო) და ცხემლა (მაქო). ა-ზე სხვადასხვა ტექნიკით (ცალწვერი, ორმაგულა ან სადიაცო, წაღმა-უკუღმა და სხვ.) ქსოვდნენ უმთავრესად მთის მაუდს -– ტოლს, აგრეთვე სახიან ქსოვილებს (ფარდაგი, ხურჯინი, საფენები და სხვ.), რ-ებსაც ამკობდა ტრად. ორნამენტი. თუშურ სახლში ა-ის გასამართავად გამოყოფილი იყო ცალკე ადგილი – საქსლური.

ლიტ.: მ ა კ ა ლ ა თ ი ა  ს., თუშეთი, თბ., 1933; ჩ ა ჩ ა შ ვ ი ლ ი  გ., ქართული ხალხური საქსოვი დაზგები, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1954, ტ. 18 B.

გ. ჩაჩაშვილი