აკაკი (Celtis), მცენარეთა გვარი თელისებრთა (ზოგჯერ აკაკისებრთა ოჯახში აერთიანებენ) ოჯახისა.
ხეები, იშვიათად ბუჩქებია. აერთიანებს 75-მდე სახეობას, რ-ებიც უმთავრესად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში (ფოთოლმცვივანი სახეობები) და ტროპიკებსა და სუბტროპიკებში (მარადმწვანე სახეობები). საქართველოში ველურად იზრდება ა-ის 3 სახეობა (ინტროდუცირებულია კიდევ 4): სამხრეთული ა. (C. australis) 15 – 20 მ სიმაღლის ხეა. იზრდება მხოლოდ კოლხეთში, მთის ქვედა სარტყელში; კავკასიური ა. (C. caucasica) გვხვდება მთელ აღმ. საქართველოში მთის შუა სარტყლამდე, კლდოვან ადგილებსა და მეჩხერ ტყეში. მისი სიმაღლე 20 მ აღწევს; შიშველი ა. (C. glabrata), რ-ის სიმაღლე 3 – 5 მ, ასევე გავრცელებულია მთელ აღ. საქართველოში, მშრალ, კლდოვან და კირქვიან ფერდობებზე. ა. სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაგამძლე მცენარეა. კარგად ეგუება მშრალ, ქვაღორღიან და კლდოვან ადგილებს. მის მაგარ მერქანს იყენებენ სამშენებლო საქმეში. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.
ვ. მათიკაშვილი