აკანათი

აკანათი, კაკანათი (ფშაური „სასხიპურა“, ხევსურული „საჩიტურა“, თუშური „სასხლეტი“, „ბალუ“, სვანური „ნეჯიდ“, „ღერენჯიკა“), ძუის მახე ფრინველთა დასაჭერად.

მაგრად დაჭიმულ ღვედზე დამაგრებულია სასხლეტიანი რკალი, რ-ზეც ჩიტის მისატყუებლად სიმინდის ან პურეულის მარცვალი ჰკიდია. როგორც კი ჩიტი მარცვლის კენკვას დაიწყებს, სასხლეტი დასხლტება, რკალი ჩამოვარდება და ჩიტს დაიჭერს. არის სხვაგვარი ა-იც; ცხრილს ან ვარცლს წამოაპირქვავებენ და ჯოხზე ისე დააყუდებენ, რომ ჩიტს შიგ შესვლა შეეძლოს. ცხრილქვეშ საკენკი ყრია. შევა თუ არა ჩიტი საკენკის ასაკენკად, დამალული მონადირე ა-ის ჯოხზე გამობმულ ძუას ან ძალს გამოსწევს, ჯოხი გამოეცლება, ა. დაემხობა და ჩიტი შიგ მოემწყვდევა.

ლიტ.: ღ ო ღ ო ბ ე რ ი ძ ე  ნ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ხალხური საბავშვო გართობა-თამაშობანი, კრ.: ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფა და მატერიალური კულტურა, თბ., 1964.

ნ. ღოღობერიძე