აკაურთა

აკაურთა, სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), შუა ხრამის მთისწინეთში, მდ. მაშავრის მარცხ მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ბერთაკარი, გეტა, იწრია, სენები, ფოცხვერიანი, ძეძვნარიანი, ძველი ქვეში). ზ. დ. 720 მ, ბოლნისიდან 7 კმ. 762 მცხ. (2014). სოფლის შუაგულში, კლდოვანი მთის კალთაზე, დგას V–VI სს. დარბაზული ეკლესია. აღმ-ით შვერილი ხუთწახნაგა აფსიდი აქვს. ძეგლი აღდგენილი და შეკეთებულია XX ს. დასაწყისში. მკვეთრად განსხვავდება ღია მწვანე ქვის ახ. წყობა აღმ. მონაკვეთის მონაცრისფრო-მომწვანო ვეებერთელა კვადრების წყობისაგან (კედლის სისქე 1,21 მ). ინტერიერში საკურთხევლის კუთხეების იმპოსტები შემკულია ჩუქურთმებით. სამხრ. ფასადზე, კარის არქიტრავზე, გამოსახულია რთული სიმბოლური სიუჟეტები (ირმები, ხეები და სხვ.). აქვე არის ფარშავანგის სილუეტური გამოსახულება. ჩრდ. ფასადზე მცენარეული მოტივით შესრულებული რელიეფებია ორნამენტებისა და მორთულობის ხასიათით ენათესავება ბოლნისის სიონს.

ლიტ.: რ ჩ ე უ ლ ი შ ვ ი ლ ი  ლ., ქართული ხუროთმოძღვრების სამი უცნობი ძეგლი, «ქართული ხელოვნება», 1948, ტ. 2.

ლ. რჩეულიშვილი