აკობია ბეგლარ გვატის ძე (1881, სოფ. კახათი, ახლანდ. ზუგდიდის რ-ნი, – 18. IV. 1947, იქვე), ხალხური მომღერალი და ლოტბარი.
1930 თავის მეუღლესთან, ჩონგურზე დაკვრის ცნობილ ოსტატთან ქიონია ბარამიასთან ერთად (კომპოზიტორ კ. ფოცხვერაშვილის მხარდაჭერით) ზუგდიდში ჩამოაყალიბა მეჩონგურეთა ანსამბლი, რ-საც თვითონვე ხელმძღვანელობდა. ანსამბლმა დიდი როლი ითამაშა იმ დროისათვის მივიწყებული ქართ. ხალხ. საკრავის – ჩონგურის აღდგენა-პოპულარიზაციაში. მისი რეპერტუარი მოიცავდა 140-მდე ხალხ. (ძირითადად მეგრ., სვან., გურულ და აფხ.) სიმღერას („ჩელა“, „დიდა ვოი, ნანა“, „ზარი“, „სიმღერა უტუ მიქავაზე“, „სახუმარო პაპაში“ და სხვ.). ა-მ არაერთი ხალხ. სიმღერა გააცოცხლა. ანსამბლთან ერთად შემოიარა საქართვ. თითქმის ყველა რ-ნი და სოფელი, გასტროლები გამართა სომხეთშიც (ერევანი, გიუმრი). იყო მრავალი ოლიმპიადის მონაწილე.
დიდია ა-ს დამსახურება ქართ. ხალხ. სიმღერების დახვეწის, მათი სწორი ინტონირების, ხალასი შესრულების მხრივ. ფოლკლორის ცნობილი მკვლევრები და ისტორიკოს-ეთნოგრაფები (კ. ფოცხვერაშვილი, გ. ჩხიკვაძე, ს. ჯანაშია, გ. ჩიტაია) მაღალ შეფასებას აძლევდნენ ა-ს მოღვაწეობას და მის ანსამბლს.
ო. ჩიჯავაძე